COVID19
COVID 19-ით გარდაცვლილი პედაგოგის გამო, დილიფის სკოლა ონლაინრეჟიმზე გადავიდა
ყველაზე ახალგაზრდა გარდაცვლილი, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი ჰქონდა, 30 წლის აინიტ ღაზაიანია. ის ნინოწმინდის სოფელ დილიფიდან იყო.

უცხო ენების პედაგოგი სოფლის სკოლაში ასწავლიდა. ამის გამო, დღეს, 21 ოქტომბერს საგანამანთლებლო დაწესებულება სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. დირექტორის თქმით, 190 მოსწავლე თვითიზოლაციაში იმყოფება.

ნინოწმინდის კლინიკის მთავარი მენეჯერი განმარტავს, რომ პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას 17 ოქტომბერს, სუნთქვის გაძნელებით მიმართა. ნატო ირემაძე ამბობს, რომ ცხელებიანი პაციენტი დედაქალაქში გააგზავნეს.

ქალი თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 18 ოქტომბერს შეიყვანეს. მას ორმხრივი პნევმონია და ცხელება აღენიშნებოდა. მკურნალი ექიმის თქმით, ჰქონდა ჭარბი წონა და თანმხლები დაავადებები. ცხელების ცენტრში მას კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა, თუმცა იგი მანამდე გარდაიცვალა, სანამ პასუხი მოვიდოდა.

თანასოფლელები ამბობენ, რომ გარდაცვლილი თბილისიდან ჩამოასვენეს და დაკრძალეს.

ახალგაზრდა ქალი 19 ოქტომბერს გარდაიცვალა, თუმცა კორონავირუსით გარდაცვლილად დღეს ჩაითვალა, რადგან ტესტის პასუხი ბოლო 24 საათში გახდა ცნობილი. ამ დროის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით გარდაცვალების ორი ფაქტია რეგისტრირებული. რეგიონში პირველი შემთხვევა ვალეში დაფიქსირდა.

| Print |