ბოლო 24 საათში 131 სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გუშინდელი მონაცემებით, აქტიური პაციენტების მხოლოდ 24% არის მოთავსებული ჰოსპიტალში, დანარჩენი უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტები კი მკურნალობას ბინაზე ან კოვიდსასტუმროებში გადიან. ამასთანავე, მისი თქმით, გარდაცვალებულთა უმეტესი ნაწილი 65 წელს ზემოთ ასაკისაა.
„აქტიური პაციენტებიდან, დაახლოებით, 24% გუშინდელი მონაცემებით, არის ჰოსპიტლებში, ხოლო დანარჩენები არიან მსუბუქი ან უსიმპტომო პაციენტები, რომლებიც ბინაზე ან კოვიდსასტუმროებში მკურნალობენ. კოვიდსასტუმროებში, სადღაც 1400-მდე პაციენტია, თუ არ ვცდები. გარდაცვლილი პაციენტები ძირითადად არიან 65 წელს ზემოთ,“ - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში 131 მედპერსონალია ინფიცირებული, თუმცა ყველა მათგანის დაავადების წყარო პროფესიული საქმიანობა არ არის.
„ბოლო 24 საათში ინფიცირებული 1759 შემთხვევიდან 131 გვყავს სამედიცინო პერსონალი. ეს არ არის მხოლოდ პროფესიული საქმიანობის დროს ინფიცირება. ამ 131-დან ბევრზე ვირუსი ოჯახური კონტაქტებიდან გავრცელდა, იმიტომ, რომ ჩვენც, ექიმებს გვყავს ოჯახები და ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში. ეს პროფესიული დაინფიცირება არ არის მარტო,“ - განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევიდან 30 - სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა.