COVID19
ვწუხვართ, რომ დავკარგეთ კოლეგა - ჯანდაცვის მინისტრი ახალქალაქში გარდაცვლილ ექიმზე
ვწუხვართ, რომ დავკარგეთ ერთი კოლეგა, თუმცა უნდა გვითვალისწინოთ, რომ ყველა ადამიანს სჭირდება გაფრთხილება - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსის პრევენციისთვის შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. ეკატერინე ტიკარაძემ ახალქალაქში კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

"მე ვიზიარებ ჩემი კოლეგების წუხილს და ვიზიარებ პირველ რიგში ამ ექიმის ოჯახის წუხილს. ძალიან ვწუხვართ, რომ დავკარგეთ ერთი კოლეგა. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ რომ ექიმებს ისევე, როგორც ყველა სხვა მოქალაქეს, სჭირდება გაფრთხილება და სწორედ ამას ეფუძნებოდა ჩვენი ის თხოვნები და მოწოდებები, რომ დავიცვათ დისტანცია, გამოვიყენოთ პირბადე და დავიცვათ ყველა ის მითითება, რომელსაც ჩვენ უკვე 9 თვეზე მეტია მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, ვინაიდან ექიმებიც სწორედ ისევე ატარებენ რისკს და ისინი არიან პირველ ხაზზე, როგორც ჩვენი მოქალაქეები და აქედან გამომდინარე, რათქმაუნდა, მათ ჯანმრთელობასაც გაფრთხილება ესაჭიროება. თუ რა გახდა მიზეზი - თქვენთვის ცნობილი არის, რომ მე არ ვსაუბრობ მიზეზებზე, ვინაიდან ეთიკის ნორმებიდან გამომდინარე, ჩემთვის ამაზე საუბარი არის მიუღებელი" - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 25 ოქტომბერს ახალქალაქის სასწრაფოს ექიმი კორონავირუსის დიაგნოზით თბილისისი კოვიდმიმღებ კლინიკაში გარდაიცვალა.
| Print |