საქართველოში კორონავირუსით კიდევ 123 მედ–პერსონალი დაინფიცირდა
სამწუხაროდ, ინფიცირდება სამედიცინო პერსონალი, დღევანდელი დილისთვის ასეთი 123-ია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, შესაძლოა, იყოს გარკვეული ხარვეზები კორონავირუსის მართვაში, მაგრამ ზოგადად, ჯანდაცვის სისტემა ამას უძლებს და პიკურ დატვირთვასაც გაუძლებს.
„სამიზნე ჯგუფებიდან ყველაზე მეტი ინფიცირებული არიან სიმპტომებიანი ადამიანები 1731-დან 70% -1272 გახლავთ სიმპტომებიანი პაციენტი. სამწუხაროდ, გვიზიანდება სამედიცინო პერსონალი. დღევანდელი დილისთვის 123-ია ასეთი. სამწუხაროდ, იცით, რომ გარდაგვეცვალა ერთი ჩვენი კოლეგა, სასწრაფოს ექიმი. ასევე, სხვა რისკჯგუფებში დაახლოებით 299 ადამიანი არის დადებითი.
რომ შევაჯამოთ, სიტუაცია არ არის მარტივი არც გლობალურად, არც ევროპაში და არც ჩვენთან. ეპიდემია შესულია აქტიურ, ინტენსიურ ფაზაში. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირება ოთხნიშნა რიცხვია უკვე, ამ ეტაპამდე ეს ყველაფერი მართვადია. დაახლოებით თვენახევარია, რაც მეორე ტალღა დაიწყო და ჯანდაცვის სისტემა მიუხედავად შემთხვევების რაოდენობის ზრდისა, უძლებს ამ დატვირთვას.
გარკვეულწილად შემიძლია ვთქვა, რომ ოდნავ არის სტაბილიზაციის რაღაც ნიშნები, რომელიც ამ დღეებში გამოჩნდა. ალბათ, თქვენც ამჩნევთ ქუჩებში, შენობებში, რომ კულტურა პირბადის გამოყენების საკმაოდ გაიზარდა. თუ ჩვენ ავალთ 95%-ზე პირბადის ტარების და ეს კულტურა მყარად დაინერგება, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ სულ მცირე გავანახევრებთ ინფიცირების შემთხვევათა დღიურ რაოდენობას. პირბადის ტარება, ხელების ხშირი დაბანა, დისტანცია და არა დიდი შეკრებები! ჩემდა სამწუხაროდ, ბევრი სურათები იყრება ხოლმე სოციალურ ქსელში ისევ დიდი თავშეყრა, ისევ დიდი ქეიფი, დიდი დაბადების დღე თუ ქორწილი, ეს კარგია, მაგრამ თავი შევიკავოთ ამ თავშეყრებისგან“, - განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 2197 და გარდაიცვალა 15 ადამიანი.