COVID19
ვიცოდი, ადრე თუ გვიან შემხვდებოდა - კოვიდინფიცირებული საკუთარ გამოცდილებაზე
ახალციხეში კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება. ემატება როგორც ინფიცირებულთა, ასევე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. ბოლო პერიოდში მიდგომები შეიცვალა თავად კოვიდინფიცირებულთა მხრიდან. ადრე თუ ამას საგულდაგულოდ მალავდნენ, ახლა ინფიცირების დეტალებზე თამამად ყვებიან.

თინათინ ყულჯანიშვილი ახალციხეში „ევექსის“ კლინიკაში მუშაობს. იგი კოვიდდადებითია და მკურნალობის კურსს სახლის პირობებში გადის.

ამბობს, რომ ვირუსი თავდაპირველად მის ორგანიზმში უსიმპტომოდ მიმდინარეობდა. მაღალი ტემპერატურა 27 ოქტომბერს დაუფიქსირდა. ორი დღის შემდეგ საჭირო გამოკვლევა ჩაიტარა და კოვიდდადებითი აღმოჩნდა.

თინათინი ამბობს, რომ ვირუსით დაინფიცირება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან COVID-19 ახალციხეში უფრო და უფრო ვრცელდება.

„თითქოს ველოდი შინაგანად, რადგან ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან შემხვდებოდა. გამოდის, რომ თავი მოვამზადე ფსიქოლოგიურად, როცა ანალიზის პასუხი გავიგე სულ, სულ ოდნავ შევკრთი, მაგრამ მშვიდად მივიღე, რაც არის არის-თქო“- გვიყვება კოვიდინფიცირებული.

ვირუსი ყელის ტკივილით დაეწყო და შემდეგ ეტაპობრივად სხვა ჩივილებიც დაემატა.

„რამდენიმე დღის წინ დამეყო ყელის წვა, ოდნავ გაწითლებული მქონდა, მეგონა ყელის ტკივილის აბი მიშველიდა, მაგრამ უშედეგოდ. ყელის ტკივილის მერე მქონდა თავის ძლიერი ტკივილი ორი დღე, ამან რომ გადამიარა დამეწყო სურდო. როგორც გაგებული მქონდა სურდო არ ახასიათებს კოვიდსო, თურმე ასე არ არის და მერე დამერთო სიცხე 37.2. სიცხე მხოლოდ ორი დღე მქონდა და საინტერესო ის იყო, ხან მქონდა ხან არა. მაგალითად: 20 წუთის მერე აღარ მქონდა, მერე მქონდა“ -ამბობს თინათინი.

მისივე თქმით, თუ სიმპტომები გართულებული არ არის, სახლის პირობებში მკურნალობა არც ისე რთულია. მთავარია ინფიცირებულმა ბევრი სითხე და ვიტამინები მიიღოს.

მას შემდეგ, რაც COVID-19 მის დედასაც დაუდასტურდა, ვარაუდობს, რომ ვირუსი ოჯახის სხვა წევრებსაც ექნებათ. თინათინის ოჯახი სოფელში თვითიზოლაციაში იმყოფება, თავად კი ვირუსს ახალციხეში სახლის პირობებში ებრძვის.

| Print |