COVID19
ახალციხეში ცხელების ცენტრი კიდევ ერთ სასტუმროში გაიხსნება
ახალციხეში ცხელების ცენტრი კიდევ ერთ სასტუმროში გაიხსნება. პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში საბარგო დასახლებაში მდებარე სასტუმრო "კავკასიაც" ჩაერთვება. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის ინფორმაციით, თანამშრომელთა დატრენინგება უკვე მოხდა. გიორგი მიქელაძის განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტები ამ სასტუმროშიც განთავსდებიან.

"დღეის მდგომარეობით არის ერთი ცხელების კლინიკა ახალციხეში, ერთი ცხელების სასტუმრო და ერთი კოვიდმიმღები სასტუმრო. ასევე, არის გამზადებული დამატებით კიდევ ერთი ცხელების სასტუმრო. საჭიროების შემთხვევაში მოხდება მისი გახსნაც. პერსონალი გადამზადებულია და ყველანაირად მზადყოფნაში არიან" - განუცხადა "მეცხრე არხს" გიორგი მიქელაძემ. 

სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის ინფორმაციით, დღეისათვის ახალციხეში 160-მდე საწოლია მობილიზებული. ამ დროისათვის საწოლფონდი შევსებული არ არის.

"ეს არის ცოცოხალი პროცესი, შეიძლება დღის განმავლობაში მოხდეს შევსებაც და დაცლაც. გააჩნია დინამიკას, როგორი იქნება მიმართვიანობა" - აღნიშნა გიორგი მიქელაძე.

შეგახსენებთ, რომ პანდემიასთან ბრძოლაში 10 ნოემრიდან ჩაერთო ნინოწმინდის კლინიკაც, სადაც კოვიდინფიცირებულების მკურნალობა მოხდება.
| Print |