სასწრაფო დახმარების სამსახურის სამცხე-ჯავახეთის უფროსი COVID 19-ით გარდაიცვალა
18 ნოემბერს, გამთენიისას, სასწრაფო დახმარების სამცხე-ჯავახეთის სამსახურის უფროსი გარდაიცვალა. თამაზ კაჭკაჭიშვილს კორონავირუსი სამი კვირის წინ დაუდასტურდა. ამ ხნის განმავლობაში ის თბილისში, საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
"გუშინ, გვიან ღამით მდგომარეობა დამძიმდა და სამწუხაროდ, გარდაიცვალა“, - გვითხრეს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პრესსამსახურში.
თამაზ კაჭკაჭიშვილი უწყებაში 2014 წლიდან მუშაობდა.
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა. COVID 19-ით გარდაცვალების ფაქტები რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტშია დაფიქსირებული.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 37 ადამიანი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 815-მდე გაიზარდა.