ნინოწმინდის საავადმყოფოში კოვიდპაციენტების მკურნალობა დაიწყეს
ნინოწმინდის რაიონულ საავადმყოფოში დღეიდან კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობა დაიწყეს. მათ ამ ეტაპზე ერთი ექიმი მკურნალობს, თუმცა კომპანია "ევექსი" კიდევ ორი მათგანის დამატებას გეგმავს.
"ევექსი კლინიკების ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს დამატებითი კადრების მოძიებაზე, რომლებიც დაეხმარებიან ადგილობრივ პერსონალს პაციენტების მართვაში.
ევექსი კლინიკების ნინოწმინდის საავადმყოფოს მედპერსონალი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რაიონის მოსახლეობამ მიიღოს ადექვატური სამედიცინო მომსახურება" – აცხადებენ კომპანია "ევექსში".
ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში 15 ინფიცირებულია. საჭიროების შემთხვევაში საწოლების რაოდენობა 35–მდე გაიზრდება.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის, ანივარდ მოსოიანის ინფორმაციით, საშუალო სიმძიმის პაციენტებს მკურნალობა ადგილზე ჩაუტარდებათ, ხოლო მძიმედ დაავადებულ პაციენტებს პირველად სამედიცინო დახმარებას გაუწევენ, რის შემდეგაც ისინი ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში გადაიგზავნებიან.
სამცხე ჯავახეთის რეგიონში კოვიდცენტრები ასევე გახსნილია ახალციხეში და ადიგენში.