COVID19
როდის არის COVID 19-ით ინფიცირებული ვირუსის გადამტანი?
კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანები ვირუსის გადამტანები ყველაზე მეტად სიმპტომების გამოვლენიდან ხუთი დღის განმავლობაში არიან, - „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ახალ კვლევაშია აღნიშნული.

„ეს არის პირველი სისტემური მიმოხილვა და მეტაანალიზი, რომელმაც შეისწავლა და შეადარა ადამიანის სამი კორონავირუსის ვირუსული დატვირთვა და გამოყოფა. იგი გასაგებად ხსნის იმას, თუ რატომ ვრცელდება SARS-CoV-2 [COVID-19] უფრო სწრაფად, ვიდრე SARS-CoV და MERS-CoV და რატომ არის მისი გაკონტროლება ბევრად უფრო რთული. ჩვენი დასკვნები თანხვედრაშია კონტაქტების დადგენის შესახებ ჩატარებულ კვლევებთან, რომელთა მიხედვითაც ვირუსის გადადების შემთხვევების უმრავლესობა ადრევე ხდება, განსაკუთრებით კი სიმპტომების გამოვლენიდან ხუთი დღის განმავლობაში. ეს კი სიმპტომების გამოვლენისთანავე თვითიზოლაციის აუცილებლობაზე მიგვითითებს“,- განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა, შოტლანდიის სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტის მკვლევარმა, მიუგ სევიკმა.

კვლევის ავტორების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ 19-ის გენეტიკური მასალა ინფიცირებული პაციენტებიდან აღებულ ნიმუშებში რამდენიმე კვირის განმავლობაში ფიქსირდებოდა, ინფიცირებიდან 9 დღის შემდეგ პაციენტებში ცოცხალი ვირუსი არ აღმოუჩენიათ.

კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ Lancet Microbe-ში გამოქვეყნდა.
| Print |