COVID19
2-3 კვირის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი - იმნაძე
რეალურად, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში ორჯერ მეტი გვაქვს. უბრალოდ, ეს არის მსუბუქი შემთხვევები და ასეთი პაციენტები სამედიცინო დაწესებულებებს არ მიმართავენ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდის სხვადასხვა ტიპის აქტივობამ სიტუაცია ქვეყანაში გააუარესა. შესაბამისად, შემთხვევების კიდევ მატებაა მოსალოდნელი.

„სამწუხაროდ, ასეთი მაღალი ციფრები 2-3 კვირა კიდევ იქნება, რაც ჩვენი ჯანდაცვის სისტემაზე დიდ დატვირთვას იწვევს. უნდა ვივარაუდოდთ, რომ ეს ციფრები დაბლა წამოვა, მაგრამ ნუ ვიფიქრებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი კლება იქნება. ეს მნიშვნელოვანი კლება არ იქნება. შესაძლოა მოიკლოს, მაგრამ ასეთი მაღალი ციფრები კარგა ხანს იქნება“, - განაცხადა იმნაძემ.

მისივე თქმით, ახალი შემთხვევების გამოვლენა სიმპტომიან პაციენტებში ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში გაცილებით მეტია.

„ახალი შემთხვევების დადასტურება სიმპტომების მქონე ადამიანებში ხდება. რეალურად კი ჩვენ ახლა გვაქვს ორჯერ მეტი შემთხვევები, უბრალოდ, ეს არის მსუბუქი შემთხვევები და ასეთი პაციენტები სამედიცინო დაწესებულებებს არ მიმართავენ. ამ შემთხვევების ლაბორატორიულად დადასტურება არ ხდება. აქედან გამომდინარე, ყველა წესის დაცვა სულ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან უსიმპტომო და ნაკლებადსიმპტომიანი ადამიანები, რომლებსაც მცირე გაციება აღენიშნებათ, ინფექციის გადამტანები არიან. კი ბატონო, მოსახლეობის აბსოლუტურმა უმეტესობამ პრობლემის გარეშე გადაიტანა კორონავირუსი, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი მსხვერპლიცაა. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ყველამ და ყველგან უნდა დავიცვათ წესები. ეს არის: ნიღაბი და დისტანცია. სამწუხაროდ, კაცობრიობამ ჯერჯერობით ამ ვირუსის გავრცელებას სხვა ვერაფერი დაუპირისპირა“, - განაცხადა იმნაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 100 684 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 81 783-ს შეადგენს. გარდაიცვალა 927 მოქალაქე.
| Print |