COVID19
ჩვენი გათვლებით ახლა 10 000-მდე მაინც არის დღეში ახალი ავადმყოფი - პაატა იმნაძე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ ინფიცირებულთა ოფიციალურ რაოდენობას აღემატება რეალურად კორონავირუსის გამო დაავადებულთა რაოდენობა.

„დღეს იმაზე ლაპარაკი აღარ არის, რომ ისევე შევწყვიტოთ გადაცემა, როგორც გაზაფხულზე. პიკის დასაწყისში ვართ პრინციპში, ასე ვთქვათ. პიკი, როგორ გადავიყვანოთ პლატოზე ამაზეა ლაპარაკი. როგორი დატვირთვაც აქვს ჩვენს ჯანდაცვის სისტემას, ამას ვერცერთი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს ასეთი რაოდენობით ავადმყოფების მოზღვავებას ჰოსპიტალურ სექტორში. დღეს ამოცანა დგას, როგორ მოვახერხოთ, რომ მზარდი ტემპი გადავიყვანოთ ნაკლებად მზარდში,“ - განაცხადა იმნაძემ „რუსთავი 2"-ის ეთერში.

როგორც ეპიდემიოლოგი ამბობს, რეალობა 2-3-ჯერ აღემატება ოფიციალურ მონაცემებს.

„ჩვენი გათვლებით ახლა 10 000-მდე მაინც არის დღეში ახალი ავადმყოფი“, - აღნიშნავს ის.

როგორც პაატა იმნაძე აცხადებს, პიკის გაგრძელება დამოკიდებულია იმაზე, რაც იქნება გამოყენებული მობილობის დასაცემად, როგორი იქნება ინტენსივობა.

„მთავარია, დღეში რეგისტრირებულ 4000 შემთხვევაზე მეტი არ იყოს და არ გახდეს 10 000 (რეგისტრირებული შემთხვევა),“, - აცხადებს პაატა იმნაძე.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 39 პაციენტი. დადასტურდა კორონავირუსის 3128 შემთხვევა. 3045-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი.

radiotavisupleba.ge
| Print |