"კოვიდინფიცირებული კლინიკამ უარით გაისტუმრა" - წყალთბილაში გარდაცვლილების ნათესავი
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილაში კორონავირუსის სიმპტომებით მამა-შვილი გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ისინი 10 დღის განმავლობაში სახლში მკურნალობდნენ.
ოჯახის ნათესავის, ლიდა პოღოსიანის თქმით, ჯერ 43 წლის ქალი გარდაიცვალა. ამის შემდეგ, გარდაცვლილის 73 წლის მამა, 23 ნოემბერს საავადმყოფოში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო წაიყვანეს. ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, ახალციხის კოვიდკლინიკამ მძიმე პაციენტი უარით გამოისტუმრა.
პოღოსიანი ირწმუნება, რომ მამა–შვილს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ინფიცირებული პირის კონტაქტები იყვნენ, ვირუსზე გამოკვლევა არ ჩატარებიათ. მოხუც მამაკაცს, სხვა სიმპტომებთან ერთად აღენიშნებოდა მაღალი სიცხე და ფილტვების ანთება. იგი დღეს, 24 ნოემბერს გარდაიცვალა. ლიდა პოღოსიანი დარწმუნებულია, რომ მამა–შვილის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსია.
"ხვალ დილით ადრე ორივე უნდა დავკრძალოთ. მე კორონავირუსის მეშინია და დეიდაშვილიშვილის დაკრძალვაზე ვერ წავალ. ჩვენ წესად გვქონდა მიცვალებულის ეკლესიაში მისვენება და ლოცვა, თუმცა მღვდლის თქმით, ეს რიტუალი არ ჩატარდება, ვინაიდან ორივე კოვიდინფიცირებულია. სახლში დარჩნენ დედა და შვილები, რომლებსაც პატრონი არ ჰყავთ. რაც შეეხება ტესტირებას, მათ როგორც კონტატებს ტესტირება არ ჩატარებიათ" - ამბობს ლიდა პოღოსიანი.
ამ დროის მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით 17 ადამიანია გარდაცვლილი. დაემატება თუ არა წყალთბილელი მამა–შვილი ოფიციალურს სიას, უცნობია. ამასთან დაკავშირებით სამცხე–ჯავახეთის ადმინისტრაციის აპარატი განმარტებას, ხვალ, 25 ნოემბერს გააკეთებს.