COVID19
საქართველოში დღეიდან ინტენსიური ტესტირება დაიწყება
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან 2 თვის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირება დაიწყება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

მისი თქმით, ყოველდღიურად სახელმწიფო 20 ათასამდე ტესტს ჩაატარებს და შესაბამისად გაფართოვდება ტესტირების არეალიც. ამას დაემატება კერძო ლაბორატორიებისა და კლინიკების მიერ გაკეთებული ტესტების რაოდენობა.

"აღნიშნულის მიზანს წარმოადგენს, ერთი მხრივ, სწრაფი გამოვლენა ინფიცირების შემთხვევების, რაც გულისხმობს, მსუბუქი და ნაკლებად მძიმე შემთხვევების თვითიზოლაციაში გადასვლას დაუყოვნებლივ, საყურადღებო შემთხვევების კოვიდსასტუმროებში განთავსებას, ხოლო მძიმე და კრიტიკული შემთხვევების ჰოსპიტალიზაციას. ამ მიზნით, 2 თვის განმვლობაში მოხდება ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობა და ტესტირების გაფართოება შემთხვევების მაქსიმალური გამოვლენისა და ინფიცირებულების იზოლირების მიზნით"
- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მანვე აღნიშნა, რომ გაფართოვდება ანტიგენზე დამყარებული ტესტირების რაოდენობაც, რომლითაც ინფიცირების დადგენა 20 წუთშია შესაძლებელი.
| Print |