COVID19
„გაუგებარია, ინფიცირებულებს კლინიკაში რა პრინციპით აწვენენ?“ - ექიმი დავით ლოლაძე
საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა კატასტროფულად იზრდება. ყოველ 24 საათში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა თითქმის 4 000-ს აღწევს. ინფიცირებულთა გაზრდილ რაოდენობის პარალელურად კვლავ დიდ პრობლემას საწოლფონდების სიმცირე წარმოადგენს, რის გამო კოვიდკლინიკები ინფიცირებულებს უარით ხვდებიან და სამკურნალოდ სახლში უშვებენ. ჯანდაცვის სისტემის მოუმზადებლობის გამო ხშირ შემთხვევაში კოვიდპაციენტების სიცოცხლე ფატალურად მთავრდება.

43 წლის სონა ქოსიანი ერთ-ერთი კოვიდინფიცირებულია, ვისი სიცოცხლეც ფატალურად დასრულდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად, ახლობლებმა ქალის საავადმყოფოში გადაყვანა, თავისუფალი ადგილების არარსებობის გამო ვერ მოახერხეს. ტერეზა ქოსიანი დის გარდაცვალებას სასწრაფო დახმარების დაგვიანებასა და მედიკოსების უყურადღებობას აბრალებს.

„ყველაფერი სამედიცინო მუშაკების ბრალია. როგორ შეიძლება ადამიანი კვდებოდეს და სასწრაფო დახმარების ჯგუფი ჯერ 3-4 საათით იგვიანებდეს და შემდეგ უპასუხისმგებლოდ მოეკიდოს კოვიდინფიცირებულს. მათ გვითხრეს, რომ საწოლები არ არისო“ - ამბობს გარდაცვლილის და ტერეზა ქოსიანი.
სონა ქოსიანის შემთხვევა რეგიონში ერთადერთი არ არის, რომელიც საწოლების სიმცირეს ხაზს უსვამს. სამი დღის მანძილზე, კოვიდკლინიკებში 54 წლის მამაკაცისთვის თავისუფალ საწოლს ეძებდა აფრიამაშვილების ოჯახი. კლინიკებმა გულით ავადმყოფი კოვიდპაციენტი, რეანიმაციულ განყოფილებაში ადგილის არარსებობის გამო ვერ მიიღეს. კოვიდინფიცირებულის ქალიშვილმა დასახმარებლად მედიას მიმართა.

„იქნებ მოახერხონ და მამაჩემისთვის ერთი ადგილი გამონახონ. კვდება იმდენად ცუდად არის. მამაჩემი გულით ავადმყოფია და კორონავირუსს ვერ გადაიტანს“, - ამბობდა მირანდა აფრიამაშვილი.

„მეცხრე არხის“ ინფორმაციით, კოვიდკლინიკებში საწოლების სიმცირის გამო, ახალციხის პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომლის მდგომარეობა ორი კვირის წინ გაუარესდა. მისი სტატუსიდან გამომდინარე, პოლიციელისთვის ადგილი გორის კოვიდმიმღებ კლინიკაში მარტივად გამოიძებნა.

რა პრინციპით ხვდებიან ინფიცირებულები კოვიდკლინიკებში? აქვს თუ არა ადგილი ნეპოტიზმს? - ლოგიკურ კითხვებს სვამს არსებულ მდგომარეობაზე ექიმი დავით ლოლაძე.


მედიკოსი უმძიმესი ვითარებიდან გამოსავალს ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმის შემუშავებაში ხედავს. მისივე თქმით, თუ ყველა განვითრებულ ქვეყანაში საავადმყოფოში პაციენტების 5-10% ხვდება, საქართველოში მათი რაოდენობა 35%-ია. ექიმს მიაჩნია, რომ სწორედ ამიტომ არც სამედიცინო ინფრასტრუქტურაა საკმარისი, არც ტექნიკა და არც ადამიანური რესურსი.

„ვერ ნახავთ ვერცერთ დაწესებულებას, რომელიც კოვიდპაციენტს იღებს, რომ ჰქონდეს პასუხისმგებლობიანი დოკუმენტი ან მინისტრის ანდა პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით. რა პრინციპით მაწვენენ მე და რა პრინციპით არ აწვენენ სხვა პაციენტს, ეს კრიტერიუმი დღეს არ არსებობს“, - ამბობს ექიმ-სპეციალისტი დავით ლოლაძე.

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ყოველ ბრიფინგზე ირწმუნება, რომ პაციენტებისთვის თავისუფალი ადგილები კოვიდკლინიკებში საკმარსი რაოდენობითაა და ჯანდაცვის სფერო საწოლების მობილიზებას დროულად ახდენს. მისივე თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა საკმარისად მობილიზებულია.


„ჯანდაცვის სამინისტროში ერთი დღით და ერთი საათითაც არ შემწყდარა მუშაობა იმისთვის, რომ მომზადებული ვყოფილიყავით დღევანდელი დღისთვის, დღესაც ვაგრძელებთ მომზადებას ყველა გამოწვევას რომ ვუპასუხოთ“,- აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობით უკმაყოფილოა „საქართველოს კლინიკების ასოციაცია“. ორგანიზაციის პრეზიდენტის ვილი პაჭკორიას თქმით, ეკატერინე ტიკარაძის უწყება პანდემიას ვერ უმკლავდება.

„ის რაც გაზაფხულზე, ზახულზე უნდა გაკეთებულიყო თავის დროზე არ გაკეთდა. სამწუხაროდ, ჯანდაცვაში ხალხი არ არის შერჩეული კვალიფიკაციის, ცოდნისა და გამოცდილების ნიშნით. სწორედ ამან დაღუპა ეს სისტემა, ამიტომ იხოცება ხალხი“ - ამბობს „საქართველოს კლინიკების ასოციაციის“ პრეზიდენტი.

დღეის მონაცემებით, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში საშუალო სიმძიმის პაციენტებისთვის 17 საწოლია გამოყოფილი, კლინიკა „იმედში“ მძიმე და საშუალო სიმძიმის პაციენტებისთვის კი - 60 საწოლია. ძირითადად, ორივე სამედიცინო დაწესებულებაში საწოლფონდის დაკავება გათავისუფლებისთანავე ხდება.

გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |