COVID19
COVID19 - მითები და პრევენციის გზები (ნაწილი 4)
ახალი კორონავირუსის პანდემიამ და შესაძლო საფრთხემ საზოგადოებაში ბევრი მითისა და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებას შეუწყო ხელი. მათ შორის არის პრეპარატ ,,ვირუთინით" მკურნალობა, თბილი წყლის ხშირი მიღება და ვაქცინის ბიზნესად წარმოჩენაა.

მითი პირველი: კორონავირუსს ჰომეოპათია და პრეპარატი „ვირუთინი“ კურნავს.

ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე განმარტავს:

,,ჰომეოპათია უფრო რწმენის საგანია, ვიღაცას სჯერა, მაგრამ ძალიან გთხოვთ, მაგის იმედად ნუ იქნებით. ერთი სერიოზული წყარო მაინც დამისახელონ, სერიოზული გამოცემა, სადაც ამას გავლილი აქვს ჩვეულებრივი წამალივით ორმაგი ბრმა მეთოდით კვლევა, კონტროლირებადი კვლევა და ა.შ. თუ კვლევის შედეგებს დამიდებენ, რომ წამალი მოქმედებს, მაშინ მთელი მსოფლიო აქ უნდა ჩამოვიდეს, რადგან მთელი მსოფლიო ეძებს ახლა წამალს. ჩემი გაფრთხილებაა, ფრთხილად იყვნენ და ამ წამლის იმედად ნუ იქნებიან" - აღნიშნავს მედიკოსი.

მითი მეორე: ვაქცინა მხოლოდ ბიზნესია, რეალურად პოპულაციური (ე.წ. ჯოგური) იმუნიტეტის შექმნა ინფექციის გავრცელებით შესაძლებელია.

სპეციალისტთა აზრით, ეს მცდარი მოსაზრებაა, რადგან პოპულაციური იმუნიტეტი, ვაქცინაციის მიმართებაში გამოყენებული კონცეფცია, როდესაც ვაქცინაციით ვქმნით მოსახლეობის უმეტესობაში იმუნიტეტს, რათა მოწყვლადი ჯგუფები დავიცვათ. ვაქცინაციის გარეშე, შეგნებულად ინფექციის გავრცელება გარდა იმისა, რომ არაეთიკურია, ეს პოპულაციური იმუნიტეტი აღარ არის, ამას ბუნებრივი გადარჩევა ეწოდება. გაურკვეველია ისიც, თუ რამდენ ხანს რჩება მყარი იმუნიტეტი კოვიდ19 ინფექციის შემდეგ.

მითი მესამე: ყელში სამი-ოთხი დღით კორონავირუსის ჩაბუდება, ყოველ 20 წუთში ერთხელ თბილი წყლის დალევა და თბილ წყალში გახსნილი ბუნებრივი ანტისეპტიკების პირში გამოივლება ვირუსის პრევენციისთვის - მითია.

ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულებები, რომ დიდი რაოდენობით თბილი წყლის დალევა ვირუსით ინფიცირებით რისკს ამცირებს. მისივე თქმით, თითქოს კუჭში ვირუსი კვდება, სიმართლეს არ შეესაბამება.

"ზოგადად, სითხით შევსება ორგანიზმისთვის აუცილებელია, უბრალოდ 20 წუთში ერთხელ სმა არავის დაუწესებია ჯერ. ზოგადად, სითხეების სმა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სასარგებლოა. თბილ წყალს რაც შეეხება, არავითარი მტკიცებულება არ არის, რომ ეს რამენაირად ამცირებს ვირუსით ინფიცირებას, ამის სამეცნიერო საფუძველი არ არსებობს.

საერთოდ, უფრო ხშირად სასუნთქ გზებში ხვდება ვირუსი პირდაპირ ან შეიძლება მოხვდეს ცხვირის ლორწოვანზე, თვალის ლორწოვანზე. შესაბამისად, ასე უნივერსალურად, რომ მაინც და მაინც პირის ღრუდან ხვდება, ასე არ არის. კუჭში როდესაც მოხვდება ვირუსი, არის ლოგიკა, რომ კუჭის ლორწოვანმა ნაწილობრივ გაანადგუროს. თუმცა, როგორც კვლევებით დამტკიცდა, კორონავირუსი ეფექტურად ვრცელდება განავლის გზით, ამიტომ, როგორც აღმოჩნდა, კუჭის წვენი მას მთლიანად არ ანადგურებს და განავალი მასებითაც გარემოში გამოიყოფა ცოცხალი ვირუსები
".

გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |