სამცხე-ჯავახეთში COVID 19-ით ინფიცირების შემთხვევებმა 3000–ს გადააჭარბა
ბოლო დღე–ღამეში სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის 73 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ქვეყანაში გამოვლენილი COVID 19-ის 4 734 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი - 1 637 ისევ თბილისში, 823 - იმერეთში, ხოლო 489 - აჭარაში გამოვლინდა.
"დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 734 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 637 შემთხვევა, აჭარაში - 489, იმერეთში - 823, ქვემო ქართლში - 372, შიდა ქართლში - 381, გურიაში - 93, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 377, კახეთში - 328, მცხეთა-მთიანეთში - 143, სამცხე-ჯავახეთში - 73, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 18.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 456. მათ შორის, 6 900 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 025, აჭარაში - 998, იმერეთში - 1 325. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 147 პირი, მათ შორის, თბილისში - 537, აჭარაში - 159, იმერეთში - 247. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 406 პირი, მათგან თბილისში - 215, აჭარაში - 31, იმერეთში - 52" - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
9 დეკემბრის დილის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში, ოფიციალურად, კორონავირუსის 3 031 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია - 1 111, ხოლო 23 - გარდაიცვალა.