COVID19
კორონავირუსით ინფიცირებული სკოლის დირექტორი გამოჯანმრთელების შემდეგ გარდაიცვალა
ადიგენის სოფელ ვარხნის მკვიდრი, 64 წლის ავთანდილ ლიპარიშვილი სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მამაკაცს ხუთშაბათს, 17 დეკემბერს დაკრძალავენ.

წახნის სკოლის დირექტორს კორონავირუსი დაახლოებით, ორი კვირის წინ დაუდასტურდა. ვირუსი საშუალო სიმძიმით მიმდინარეობდა და მკურნალობის კურსს თბილისში, ჩაფიძის კლინიკაში გადიოდა. რამდენიმე დღის წინ მამაკაცი გამოჯანმრთელდა და სახლში გამოწერეს, თუმცა თანმხლები დაავადებების გამო, ინსულტი განუვითარდა და 14 დეკემბერს გარდაიცვალა.

„დღეს გავიგე რომ ავთანდილი ინსულტით გარდაცვლილა, ზეგ დაკრძალავენ. ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს“, - გვითხრა ოჯახის ახლობელმა.

„კორონავირუსი მოიხადა და შემდეგ გარდაიცვალა“, - ამბობს ადგილობრივი.

ბოლო 24 საათში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. ავთანდილ ლიპარიშვილის გარდა, ვირუსს ემსხვერპლა ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 77 წლის მამაკაცი, ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან 70 წლის მამაკაცი და 63 წლის მამაკაცი ასპინძის მუნიციპალიტეტიდან. რეგიონში გარდაცვლილთა რაოდენობა 34-მდე გაიზარდა.

| Print |