COVID19
შესაძლოა, საქართველოში კორონავირუსის ბრიტანული შტამის არსებობა დადასტურდეს
ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსის ახალ სახეობებს იკვლევენ. "მთავარი არხის" ინფორმაციით, შესაძლოა საქართველოში კორონავირუსის ახალი - ბრიტანული შტამის არსებობა დადასტურდეს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა კვლევა მიმდინარეობს.

„გარკვეული მონაცემები იმისა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურდეს, არის, მაგრამ ამის კვლევას დღეები სჭირდება, იმიტომ, რომ გენომის სეკვენირება მიმდინარეობს. რამდენიმე ერთეულ შემთხვევაზეა საუბარი, არ არის ეს ბევრი, ალბათ, 5-ზე ნაკლები შემთხვევაა.

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის დადგენა, ამ ეტაპზე, მხოლოდ ლუგარის ლაბორატორიას შეუძლია, იმიტომ, რომ იქ არის საშუალება გენომის დაშლის, ანუ სეკვენირების და ამ ახალი შტამის იდენტიფიცირებას, სწორედ, გენომის სეკვენირება სჭირდება და ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს, მაგრამ ამას სჭირდება რამდენიმე დღე, ზოგჯერ კვირაც“
, - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ახალი, უფრო სწრაფად გავრცელებადი ვარიანტის გამოჩენაზე გაერთიანებული სამეფოს მაღალჩინოსნები გასულ კვირას ალაპარაკადნენ. მათივე თქმით, ვირუსის ახალი შტამი არა მხოლოდ სწრაფად გავრცელებადი, არამედ, უფრო გადამდებიცაა.
| Print |