COVID19
სპორტული დარბაზები, კერძო ბაღები, საცურაო აუზები - ვის შეიძლება სუბსიდირების პროგრამა შეეხოს?
სასტუმროების, რესტორნების, კინოთეატრების და ივენთკომპანიების შემდეგ, შესაძლოა, საქართველოს მთავრობამ სესხის პროცენტი, კერძო ბაღებს და სპორტდარბაზებსაც დაუსუბსიდიროს. ხელისუფლების ეკონომიკურმა გუნდმა საკითხის შესწავლა უკვე დაიწყო და ამ მიზნით, კომერციულ ბანკებს სთხოვა, დაამუშაონ და მიაწოდონ ინფორმაცია სასესხო პორტფელის მოცულობაზე.
კერძო ბაღების წარმომადგენლების თქმით, მსგავს ინოფორმაციას თავადაც ფლობენ, მაგრამ არა - დადასტურებულად.
10 დეკემბერს, ნათია თურნავა კერძო ბაღების წარმომადგენლებს შეხვდა და განაცხადა, რომ ეს არის საკმაოდ დაზარალებული სფერო, რადგან ერთ-ერთი პირველი მოყვა შეზღუდვებში, რაც განპირობებული იყო ეპიდემიოლოგიური ვითარებით.
„მათ აქვთ ისეთი პრობლემები, რომელიც მსგავსია სხვა ბიზნესების პრობლემებთან - მათ შორის არის ბანკის სესხები და პროცენტების გადახდა, საიჯარო ქირის გადახდა. ჩვენ მზად ვართ გვერდში ამოვუდგეთ მათ, ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს სექტორიც ჩავრთოთ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის გარკვეულ მიმართულებებში და დავეხმაროთ ბანკებთან კომუნიკაციაში“, - აღნიშნა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
bm.ge-ის ინფორმაციითვე, კერძო ბაღები არაა ერთადერთი, ვისი სესხების პროცენტის სუბსიდირებასაც მთავრობა აპირებს. დახმარების მსგავსი პაკეტის მოლოდინში არიან სპორტდარბაზებიც. სავარაუდოდ, მხარდაჭერის პროგრამა არა მხოლოდ მათზე, არამედ აუზებზეც გავრცელდება.
განმახორციელებელიც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ იქნება, ხოლო ინიციატორი - ეკონომიკის სამინისტრო.
გააზიარეთ :