COVID19
რელიგიური კონფესიების ტესტირება დაიწყო
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით სასულიერო პირთა ტესტირების პროცესი სამცხე-ჯავახეთშიც დაიწყო.

რეგიონში არსებული რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები მეცხრე არხთან განმარტავენ, რომ ინფორმაცია ტესტირების შესახებ მიიღეს, თუმცა რა პერიოდულობით და როგორ უნდა ჩატარდეს პროცესი, დეტალები ჯერ ზუსტად არ იციან. სამცხე-ჯავახეთში რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების თქმით, მათ უკვე მიიღეს წერილები, სავალდებულო ტესტირების შესახებ.

ჭელის მეჩეთის წინამძღვარი 20-მდე სასულიერო და მეჩეთში მომუშავე პერსონალთან ერთად დეკემბერში გაიტესტა. ჯამბულა აბულაძე ამბობს, რომ ყველა მათგანი ტესტირებისთვის ადიგენში ჩავიდა.

,,რადგან რისკის ქვეშ ვართ, სამუფთო სამმართველომ მიგვითითა და ჩვენც ადიგენში გავიარეთ პისიარტესტირება, ყველას უარყოფითი დაგვიდასტურდა. რადგან უარყოფითი გვქონდა, აღარავინ შეგვხმიანებია. ეს იყო დაახლოებით 15-20 დღის წინ. 20 - მდე ადამიანი გავიტესტეთ იმამები და მეჩეთში მომუშავე პერსონალი" -აცხადებს ჯამბულ აბულაძე.

მუსლიმი თემისგან განსხვავებით, სომხურ სამოციქულო და კათოლიკე ეკლესიის მეთაურებს წერილი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამცხე- ჯავახეთის ხელმძღვანელისგან მიუვიდათ. მამა თორგომი მეცხრე არხთან ამბობს, რომ ,,სასულიერო პირებისა და ეკლესიაში მომუშავე პერსონალის ტესტირება სომხურ სამოციქულო ეკლესიაში 10 იანვრიდან დაიწყება".

რაც შეეხება კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებს, მათ ჯერ არ იციან სად ჩაუტარდებათ ტესტირება. ელვარდ ზაზაძის უწყებიდან ოფიციალური წერილი მათ 6 იანვარს მიიღეს.

,,შეტყობინება მივიღეთ, სადაც აღნიშნული იყო ზოგადი ხასიათის ინფორმაცია, წერილში დეტალები და თარიღი არ იყო ნახსენები". მამა მიხეილ სურმავას თქმით, სასულიერო პირები ჯანდაცვის უწყებიდან ოფიციალურ პასუხს ამ დრომდე ელოდებიან.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, რელიგიური კონფესიებისა და მათთან დაკავშირებული საერო პირები (მესანთლეები, მგალობლები, სტიქაროსნები და ა.შ.) 7 დღეში ერთხელ უნდა გაიტესტონ.

| Print |