COVID19
სამედიცინო პუნქტებში კორონავირუსზე უფასო გამოკვლევა გრძელდება
ახალციხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე უფასო ტესტირება გრძელდება. დღეს, 13 იანვარს გამოკვლევები აწყურისა და აგარის სამედიცინო პუნქტებში ჩატარდა.

COVID 19-ზე ტესტირება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება.

პროცესი 10:00-დან 18:00 საათამდე გრძელდება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ფატი ხაბულიანის თქმით, საჭიროების შემთხვევაში მედპერსონალი ტესტირებებზე 24 საათის განმავლობაშიც იმუშავებს.

ტესტირება 8 იანვარს ახალციხიდან დაიწყო. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმები ყოველდღიურად 50-დან 100-მდე ტესტს აკეთებენ. ამ დრომდე მხოლოდ სამი კოვიდინფიცირებულია გამოვლენილი.

ღია ცის ქვეშ COVID 19-ზე გამოკვლევები ეროვნული პროტოკოლის მიხდევით მიდინარეობს. კოვიდინფექციასთან ბრძოლის ეს მეთოდი, ეპიდემიოლოგ ქეთევან ჯინჭველაძეს არასაიმედოდ მიაჩნია. ამბობს, რომ მედიცინის მუშაკების მიერ ქუჩაში სწრაფი ტესტების ჩატარება არასანდოა, თუმცა დასძენს, რომ ესეც კვლევის ერთ-ერთ მეთოდს წარმოადგენს.

ღია ცის ქვეშ მოსახლეობის საყოველთაო ტესტირება მიზნად, ზოგადი სტატისტიკის დადგენასა და უსიმპტომო პაციენტების გამოვლენას ისახავს.

| Print |