COVID19
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 1 357-ით გაიზარდა
ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 1 357 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 14 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

„ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 891 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 767 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 124 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 357 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 244 612-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 748 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 228 359-მდე


სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 21 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 867 პირი ემსხვერპლა" - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 360, საიდანაც 3 780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.  მძიმე პაციენტია 808 პირი, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 240 პირი იმყოფება.

638 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 8 942 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 469 ადამიანი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში 23 545 პირი იმყოფება.
| Print |