COVID19
როგორია COVID 19 - ის ახალი შტამი - მითი თუ რეალობა
კორონავირუსის ახალი შტამი დიდ ბრიტანეთში დეკემბრის დასაწყისში გამოჩნდა. ის უკვე გამოვლინდა რამდენიმე სხვადასხვა ქვეყანაში. ახალი შტამი 70%-ით უფრო გადამდებია და მეტად აინფიცირებს ბავშვებს, თუმცა უფრო სახიფათო არ არის.

მეცნიერების თქმით, ვირუსის ახალ შტამს მდგომარეობა განსაკუთრებით არ დაუმძიმებია და არსებულ ვითარებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ მოუხდენია.

ბრიტანეთში გამოვლენილი მუტაცია უკვე დადასტურებულია მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში. COVID-19-ის ახალი შტამი აღმოჩნდა ევროკავშირის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაშიც. NCDC-ის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მედიასთან აცხადებს, რომ მეცნიერების თქმით, ვირუსის ახალი შტამი ახალგაზრდებში უფრო მარტივად გადადის.

ახალი შტამი სიმძიმისა და ლეტალური შემთხვევების სიხშირით არსებული შტამისგან არ გამოირჩევა, გარდა იმისა, რომ ახალი შტამი სწრაფად ვრცელდება. პაატა იმნაძე მოსახლეობას ისევ პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს.

მითი პირველი: კორონავირუსის ახალი შტამი ზაფხულში არ გავრცელდება

ამ დროისათვის მოპოვებული მტკიცებულებებით, ვირუსი COVID-19 და ახალი შტამიც შესაძლებელია ყველანაირ გარემოში გავრცელდეს, მათ შორის ცხელი და ტენიანი ამინდის პირობებში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, COVID-19-ისგან დაცვის საუკეთესო გზა ხელების ხშირი დაბანაა, რის შედეგადაც ხელებზე არსებულ ყველა ვირუსს მოსპობთ. 

მითი მეორე: ცხელი წყლის დალევა კორონავირუსისგან და ახალი შტამისგან დაგიცავთ

Covid -19-ის გამომწვევი ვირუსის Sars-CoV-2-ისა და ახალი შტამის პრევენციისა და მისი დამარცხების მიზნით ცხელი წყლის დალევა რეკომენდებული არ არის. "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" ინფორმაციით, SARS კორონავირუსი (Sars-CoV-2-ის მსგავსი ვირუსი) მინიმუმ 56C-ზე კვდება. საკვების მაღალ ტემპერატურაზე მომზადებით, ვირუსი მოკვდება, თუმცა ეს ტემპერატურა იმდენად მაღალია ადამიანის ორგანიზმისთვის, რომ მისი პირდაპირ მიღება დამწვრობას გამოიწვევს.

კვლევები და ვაქცინაცია

ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია ასტრაზენეკა აცხადებს, რომ მათ მიერ შემუშავებული ვაქცინა კორონავირუსის ახალ შტამსაც გაუმკლავდება.

ჰიუსტონის მეთოდისტური საავადმყოფოს მკვლევარების დასკვნით, კვლევამ, რომელიც სხვა ექსპერტებს ჯერ არ შეუფასებიათ, დაადგინა რომ მეორე ტალღის თითქმის ყველა სახეობას ჰქონდა მუტაცია D614G, რომელიც ვირუსზე გვირგვინის ფორმის ერთგვარი წაწვეტებების, ე.წ. სპაიკ-ცილების უფრო გაზრდილი რიცხვით გამოიხატება.

ეს ერთგვარი წაწვეტებები, ვირუსს სხვა უჯრედებზე მიწებების, მათში შეღწევის მეტ საშუალებას აძლევს და მუტანტ ვირუსს ინფიცირების მეტ უნარს უჩენს. 

ამერიკის ხმის ინფორმაციით, მათ ასევე თქვეს, რომ ცილის ზოგიერთმა მონაკვეთმა, რომელიც კორონავირუსის ვაქცინაზე ამჟამად მიმდინარე სამუშაოების მთავარი სამიზნეა, რამდენიმე მუტაცია განიცადა, რაც სავარაუდოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ვირუსი სახეს იცვლის, რათა სხეულის იმუნურ რეაქციას თავი აარიდოს.

| Print |