COVID19
კოვიდვაქცინას საქართველოში თებერვლის ბოლოს ელოდებიან
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი კოვიდ-ვაქცინის საქართველოში შემოსვლის ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს და იმედოვნებს, რომ კოვაქს პლატფორმით დაკონტრაქტებული Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლოს შემოვა. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე  განაცხადა, რომელიც ვაქცინის შემოსვლის ზუსტ თარიღს შეეხებოდა.

„ძალიან ძნელია კონკრეტულ თარიღებზე საუბარი, იმიტომ, რომ სიტუაცია მსოფლიოში ძალიან სწრაფად იცვლება. ვხედავთ, რომ ყოველდღიურად ახალი პრობლემები წარმოიქმნება ვაქცინის მწარმოებელი კომპანიების მხრიდან თუნდაც ევროკავშირში პროდუქციის მიწოდებასთან დაკავშირებით. ველით, რაც დაკონტრაქტებულია კოვაქსის პლატფორმით, ეს მივიღოთ“, - განაცხადა ზალკალიანმა.

კითხვაზე - იქნება თუ არა ვაქცინა საქართველოში თებერვლის ბოლოს, საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა: „დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ასე იქნება. მაგრამ ასევე მინდა გითხრათ, რომ კოვაქსის პლატფორმის მიღმა ვმუშაობთ ორმხრივად ჩვენს პარტნიორებთან და ამ მხრივ მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს. არ მინდა დღეს ვთქვა, წინასწარ გავუსწრო მოვლენებს და მაღალი მოლოდინები შევქმნა, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებით. ვმუშაობთ, როგორც პარტნიორ ქვეყნებთან, ვისაც ჭარბი ვაქცინის შესაძლებლობა აქვს, თუმცა, ასეთი შესაძლებლობა ბევრ ქვეყანას არ აქვს; ასევე ვმუშაობთ მწარმოებლებთან“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანა კოვაქს პლატფორმის საშუალებით თებერვლის შუა რიცხვებისთვის „ფაიზერის“ ვაქცინის 29 250 დოზას მიიღებს. თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად, ჯანდაცვის სამინისტრომ კოვაქსის პლატფორმას 18 იანვარს გაუგზავნა მოთხოვნა, რომ ჰქონდა სრული მზაობა „ფაიზერის“ ვაქცინის მისაღებად უმოკლეს პერიოდში.

„პირველი ჯგუფი, რომელიც ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფია და ეროვნული გეგმის მიხედვით განსაზღვრულია როგორც მთავარი, პირველი რიგის პრიორიტეტი, ეს გახლავთ ჯანდაცვის სფეროს მუშაკები და ამდენად პირველი დოზები სწორედაც მიმართული იქნება მათკენ. როგორც მოგეხსენებათ, ორი დოზაა საჭირო, ანუ 15 000 სამედიცინო სფეროს წარმომადგენლის აცრა მოხდება. შემდეგ უკვე გაგრძელდება ვაქცინაცია დანარჩენი პრიორიტეტული ჯგუფებისთვის. ეს გახლავთ გრძელვადიან დაწესებულებებში მცხოვრები ბენეფიციარები, მათი მომვლელები. ამის შემდეგ უკვე მოდის ის ასაკობრივი ჯგუფები, რომელიც ყველაზე მაღალი რისკის მატარებელია, 75 წლის ზემოთ მოსახლეობა, 65-დან 75 წლამდე ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ასევე სტრატეგიული სერვისების მიმწოდებელი პირები, როგორიც გახლავთ მაგალითად ჯარი, პოლიცია, პედაგოგიური პერსონალი და შემდეგ უკვე ამას მოჰყვება სხვა მოსახლეობა მოსახლეობა და ჯამურად იცით, რომ 2021 წლის ბოლომდე რომ 60 პროცენტის მოცვა არის დაგეგმილი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, 72 ქვეყნის განაცხადი განიხილა რეგიონულმა კომიტეტმა, რომელიც შემადგენლობაშიც შედიოდნენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვაქცინაციის გლობალური ალიანსის და მთელი რიგი ორგანიზაციების ექსპერტები.

„იმავე წერილში მითითებულია, რომ ასტრაზენეკას დოზები არის მოსალოდნელი და განსაზღვრული საქართველოსთვის, უკვე მალევე პირველი კვარტლიდან, 300 ათასზე მეტი დოზა უნდა მივიღოთ ჩვენ პირველ და მეორე კვარტალში ასტრაზენეკას ვაქცინის, რათა გაგრძელდეს შემდეგ პრიორიტეტული ჯგუფების მოცვა. „ფაიზერის“ ვაქცინისთვის, როგორც ვიცით, საჭიროა, ულტრა ცივი ჯაჭვის რეჟიმი. განსაკუთრებული მოთხოვნები აქვს, აქედან გამომდინარე შეირჩევა ის დიდი კლინიკები, სადაც მოხდება კონცენტრირებულად ნაკადების მართვა. ბათუმში ერთი კლინიკა იქნება საკმარისი, ქუთაისში ვფიქრობთ ორი-სამი კლინიკის შერჩევაზე და წინასწარი სია უკვე არსებობს. თბილისშიც იქნება ასევე სამი ან ოთხი კლინიკა" - განაცხადა თამარ გაბუანიამ.
| Print |