COVID19
მამაჩემი კოვიდით არ გარდაცვლილა - ასპინძელი მამაკაცის ოჯახი

 

ასპინძის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გართულებების გამო გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახი ამბობს, რომ 64 წლის პაციენტს COVID-19 არ ჰქონია. მისი შვილის თქმით, კაცი ახალციხის კლინიკაში 16 იანვარს, კორონავირუსის დიაგნოზით მოათავსეს, 25 იანვარს კი, როცა მდგომარეობა დამძიმდა და თბილისში გადაიყვანეს, COVID-19 აღარ ჰქონდა.

„ახალციხეშივე აღარ ჰქონდა კოვიდი. თბილისის კლინიკაში რომ შეიყვანეს, გატესტეს რომ გაერკვიათ სად უნდა დაეწვინათ. კოვიდი აღარ ჰქონდა ფიზიკურად, უბრალოდ თანმდევი დაავადებები ჰქონდა, რომლებიც გაურთულდა. თირკმლები გაეთიშა“, - გვითხრა გარდაცვლილის შვილმა.

სამხარეო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მამაკაცის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად კორონავირუსია დაფიქსირებული.

„პირველივე დღიდან იმყოფებოდა კლინიკაში, ჰქონდა თანმდევი დაავადებები და გარდაიცვალა. ოფიციალურად წერია, რომ გარდაცვლილია როგორც კოვიდ დადებითი“, - გვითხრა სამხარეო ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი მიქელაძემ.

2 მარტს სამხარეო ადმინისტრაციამ დაგვიდასტურა, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტში 64 წლის მამაკაცი კორონავირუსის დიაგნოზით გარდაიცვალა. რეგიონში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 48 გახდა.

 

| Print |