COVID19
"16 დღე აპარატზე ვიყავი შეერთებული" - მძიმე კოვიდპაციენტები და ხანგრძლივი მკურნალობა ბინაზე

 

პირები, რომლებმაც COVID-19 დაამარცხეს, ჯანმრთელობის გაუარესებულ მდგომარეობაზე ჩივიან. ზოგიერთ მათგანს, ვირუსის გადატანიდან რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგაც კი,  ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა შეექმნა. გამოჯანმრთელებული ადამიანები თვეების შემდეგ მკურნალობის კურსს სახლში აგრძელებენ.

ლამარა დიასამიძეს მისი ცხოვრების 16 დღე არ ახსოვს. ნოემბერში რეანიმაციულ განყოფილებაში, ორი კვირა ჟანგბადის აპარატზე მიერთებულმა გაატარა. უგონოდ მყოფი „იმედის“ კლინიკის ლაბორანტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კოლეგები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებდნენ. სუნთქვის უკმარისობის გამო, მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდებოდა. გვერდითი მოვლენები დიდხანს გაგრძელდა. სახსრების ტკივილი, არითმია, წნევა, ხველება - ვირუსის დასამარცხებლად მას თვეები დასჭირდა.
„სულ სხვანაირად დამეწყო, მხოლოდ სურდო  მქონდა, რაც არ არის დამახასიათებელი. ვიფიქრე, ჩვეულებრივი გაციების ბრალი იყო, თუმცა რამდენიმე დღეში ძალიან დავმძიმდი, გავიკეთე ტესტი და დადებითი აღმოჩნდა. დაგვიანებული მკურნალობის გამო, დამაწვინეს თერაპიულ განყოფილებაში, რადგან მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, გადამიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში. კლინიკიდან გამოწერის შემდეგ ორი კვირა კიდევ მძიმედ ვიყავი, სახლში ვაგრძელებდი მკურნალობას, ბოლომდე დღესაც არ გამოვჯანმრთელებულვარ. ვაქცინა ერთადერთი გამოსავალია ამ მძიმე პერიოდში, ყველამ უნდა ჩავიტაროთ,  მნიშვნელოვანია რომელი და რამდენად კარგი ვაქცინა შემოვა საქართველოში. ამ ყველაფერში გავერკვევი და აუცილებლად ავიცრები", - გვიყვება ლამარა დიასამიძე.

ოთხი თვის წინ დამარცხებული კორონავირუსი და ხანგრძლივი მკურნალობა ბინაზე  - ასეთია ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის ჯანმრთელობის მდგომარეობა. გელა ნოზაძეს კორონავირუსი 15 ნოემბერს დაუდასტურდა. კუნთების და სახსრების ტკივილი, ტემპერატურა, ჰაერის უკმარისობა - ჰქონდა ყველა სიმპტომი, რაც კორონავირუსს ახასიათებს. პაციენტი ხაშურის კოვიდმიმღებ კლინიკაში მოათავსეს. ორკვირიანი ინტენსიური მკურნალობის შემდეგ, ვირუსმა ჯანმრთელობის არაერთი პრობლემა დაუტოვა.
„ყველა სიმპტომი მქონდა, რაც კი შეიძლებოდა ჰქონოდა ადამიანს. მეც და ჩემი მეუღლეც მძიმე პაციენტები ვიყავით, ჩემი მეუღლე უფრო, რადგან შაქარი აქვს,  რთულად გადავიტანეთ ვირუსი. გამოჯანმრთელების შემდეგაც ბევრი პრობლემა დაგვრჩა, ამიტომ დღემდე ვმკურნალობთ. აუცილებლად გავიკეთებ ვაქცინის როცა რიგი მომიწევს, აცრა ყველამ უნდა გაიკეთოს და რეგულაციებიც დავიცვათ, რათა ვირუსი თავიდან ავირიდოთ“.

გელა ნოზაძეს გამოჯანმრთელებიდან ოთხი თვის შემდეგ მაღალი არტერიული წნევა, მეხსიერების დაქვეითება და ქვედა კიდურების ტკივილი აწუხებს.

გელა ნოზაძისგან განსხვავებით, ვირუსი COVID19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გარეშე გამოუვლინდა 73 წლის ლილი თუმანიშვილს. მისი მდგომარეობა საშუალოზე მძიმედ შეფასდა და თანდათან გართულდა. გადატვირთული კლინიკების გამო, სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრა გაუჭირდა. ორი კვირის განმავლობაში ხაშურის კოვიდმიმღებ კლინიკაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ კი მკურნალობა სახლში გააგრძელა.
„თავიან ძალიან მძიმედ ვიყავი, თუმცა კორონავირუსის სიმპტომი არ მქონია, არც კი მიფიქრია, რომ ვირუსი მქონდა. ვერ ვსუნთქავდი, საჭმელს ვერ ვჭამდი, ვერც წყალს ვსვამდი. ჩემი მდგომარეობა რომ დამძიმდა, ტესტი გავიკეთე და დადებითი იყო, სახლში ვერ დავრჩებოდი, რადგან ცუდად ვიყავი, სასწრაფომ ყველგან დარეკა, მაგრამ თავისუფალი ადგილი არსად იყო. რამდენიმე საათი ველოდებოდით ადგილის გათავისუფლებას, რომ კლინიკაში გადავეყვანე სასწრაფოს“.
ახალციხეში კოვიდიფიცირებულებს კლინიკა „იმედში“ ათავსებენ. კლინიკური მენეჯერის თქმით, მათთან შეყვანილი პაციენტების 70%-ში ვირუსი მძიმე ფორმით მიმდინარეობდა. 10 თვეში კლინიკაში რვა პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსის გავრცელებიდან ერთი წლის თავზე, სამცხე-ჯავახეთი 4 702 ადამიანი დაინფიცირდა და 48 გარდაიცვალა.
მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა, და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |