COVID19
ახალციხეში - 2, ახალქალაქში - არცერთი - სამცხე-ჯავახეთში ვაქცინაცია ვერ გრძელდება
მეათე დღეა სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შეჩერებულია. აცრის სურვილი ამ დრომდე მხოლოდ ორმა სამედიცინო პერსონალმა გამოთქვა. მომავალი ოთხი დღის განმავლობაში booking.moh.gov.ge-ზე მხოლოდ ორი პირია დარეგისტრირებული. მათ მითითებული აქვთ, რომ აცრა ახალციხის კლინიკა "იმედში", ორშაბათს 29 მარტს სურთ, თუმცა თუ ათი მსურველი არ დარეგისტრირდა, ვაქცინაცია ვერ ჩატარდება.
კლინიკის დირექტორი მსურველის არარსებობას, 18 მარტს განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს. კლინიკა "იმედში" მედპერსონალის ვაქცინაციის დროს, ერთ-ერთი მედდა შეუძლოდ გახდა. წინასწარი ინფორმაციით მას ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მეგი ბაქრაძე 19 მარტს გარდაიცვალა.
ახალქალაქში ვაქცინაციის დაწყებიდან 11 დღეა გასული, თუმცა აცრის სურვილი არც ამ კლინიკაში გამოუთქვამს ვინმეს. ბორჯომის კლინიკა კი ვაქცინაციის პროცესს გამოეთიშა.
AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის 43 200 დოზა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში 13 მარტს მიიღეს. ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო.
ფაიზერის ვაქცინით სამცხე-ჯავახეთში აცრა შეუძლებელია, რადგან ამერიკული წარმოების ვაქცინა დედაქალაქის გარდა მხოლოდ ორ რეგიონშია შესაძლებელი - აჭარასა და იმერეთში.
გააზიარეთ :