COVID19
ვის არ შეეხება რეგულაციები - საკოორდინაციო საბჭომ მუშაობა დაიწყო
საბჭო მუშაობს იმ მიმართულებით, რომ განსაზღვროს რეგულაციები, რომლებიც მომავალში არ შეეხება პირებს, რომელთაც ვაქცინაციის სრული კურსი ექნებათ ჩატარებული, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ე.წ. „კოვიდ პასპორტის“ მქონე პირებისთვის გარკვეული პრივილეგიების მინიჭებას შეეხებოდა.

მისივე თქმით, ამ კონკრეტული მომენტისთვის შესაძლებელია ცოტა ნაადრევი იყოს ზუსტი ღონისძიებების განსაზღვრა.

„აღნიშნულ პერიოდში მიმდინარეობს ვაქცინაციის მეორე ეტაპი და შესაძლოა, ამ კონკრეტული მომენტისთვის ცოტა ნაადრევი იყოს ზუსტი ღონისძიების ჩამონათვალის განსაზღვრა, თუმცა საბჭო, ცხადია, მუშაობს იმ მიმართულებით, რომ განსაზღვროს რეგულაციები, რომლებიც მომავალში არ შეეხება პირებს, რომელთაც ვაქცინაციის სრული კურსი ექნებათ ჩატარებული“- აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი კიდევ ერთხელ ასევე განმარტა, რომ მოსახლეობას 2-დან 4 მაისის ჩათვლით სასაფლაოებზე გასვლა არ შეეძლება.

,,სასაფლაოებზე გასვლა, როგორც შარშან იყო აკრძალული, აიკრძალა წელსაც. ეს აკრძალვა ეხება 2-დან 4 მაისის პერიოდს და მასში არ არის გამონაკლისები გეოგრაფიული ლოკაციების მიხედვით. ეს სრულიად საქართველოს ეხება. 4 მაისიდან ეს შეზღუდვა არ იქნება და შესაბამისად, ამის შემდეგ მოსახლეობას სასაფლაოებზე გასვლა შეეძლება," - აცხადებს გიორგი ღიბრაძე.
| Print |