COVID19
საქართველოში 50 ათასი პირი ორჯერ, ხოლო 130 ათასი ერთი დოზით აიცრა
„ჯამურად, ორივე დოზით, უკვე ვაქცინირებულია 50 ათასზე მეტი ადამიანი და დაახლოებით, 130 ათასი მოქალაქეა მხოლოდ ერთი დოზით აცრილი. რა თქმა უნდა, პროგრამა თვის ბოლომდე გაგრძელდება - ისე, როგორც ამჟამად მიმდინარეობს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს როგორც ესენციურ ჯგუფებში, ისე - მოქალაქეებში. ვაქცინაცია მიმდინარეობს „სინოფარმის“ მეორე და „სინოვაკის“ პირველი დოზებით. რამდენიმე დღეში, „სინოვაკის“ მეორე დოზებით ვაქცინაციის რეგისტრაცია დაიწყება, რათა ადამიანებს, რომლებიც პირველი დოზით აიცრენ, წვდომა ჰქონდეთ მეორეზეც“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 350 428 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 335 029 , გარდაიცვალა 4 951 პაციენტი.
| Print |