COVID19
დაავადებულთა 90%-ზე მეტს კორონავირუსის უფრო გადამდები და რთული დელტა შტამი აქვს
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, 26 აგვისტოს აიცრა 26 418 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 1 095 069 აცრა.

ერთი დოზით ვაქცინირებულია 749 754 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 26.3%. სრულად ვაქცინირებულია 345 315 - მოზრდილი მოსახლეობის 12.1%.

საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს "ფაიზერის", "ასტრაზენეკას", "სინოფარმის" და "სინოვაკის" ვაქცინებით. ეპიდემიოლოგების თანახმად, ე.წ. საზოგადოებრივი იმუნიტეტისთვის საჭიროა აცრილი იყოს მოზრდილი მოსახლეობის 60% მაინც.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბოლო ხანს ვაქცინაციის ტემპი გაიზარდა, მაგრამ ჯერ კიდევ არასაკმარისია, რადგან ეპიდემიის გავრცელების შესაფერხებლად აუცილებელია დღეში სულ მცირე 40 ათასამდე აცრის გაკეთება.

საქართველოში ივლისიდან მკვეთრად მოიმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობამ. ბოლო რამდენიმე დღეა გარდაცვალების ყოველდღიური მაჩვენებელი 80-ს მიუახლოვდა.

ეპიდემიის მეოთხე და ჯერჯერობით ყველაზე მძიმე ტალღის პერიოდში დაავადებულთა 90%-ზე მეტს კორონავირუსის უფრო გადამდები და რთული დელტა შტამი აქვს.
| Print |