COVID19
საქართველოში კიდევ 74 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3886 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 74 პაციენტი.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 4103 პირი.

ბოლო 24 საათში, საქართველოში 52 162 ტესტი ჩატარდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, გარკვეული შეზღუდვების შემოღების, აღსრულების მეტი კონტროლისა და უფრო ინსტენსიური აცრების ფონზე, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია დაწყო.

„პირველად ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, დადებითობის მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით, საშუალოდ 10%-ს ჩამოსცდა. ასევე, პირველად ამ კვირაში, ბოლო 60 დღის განმავლობაში ინციდენტობის მაჩვენებელმა საერთოდ და ასევე, ე.წ. კუმულაციური ინციდენტობის მაჩვენებელმა, ჩვენ როგორც ვამბობთ ხოლმე, „კუდი ჩამოსწია ქვემოთკენ“. ფერდი, პიკი გადაიარა და ქვემოთკენ მოდის ანუ შეიმჩნევა ძალიან მცირე, მაგრამ სტაბილიზაციის ნიშნები“, - აცხადებს გამყრელიძე.

მისივე განმარტებით, სამწუხაროდ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალია, მაგრამ ორი კვირის შემდეგ პიკის გადასვლიდან ეს მაჩვენებელი თანდათან იწყებს შემცირებას. ამასთან, მისივე განმარტებით, ქვეყანაში გაზრდილია აცრების მაჩვენებელი.

მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 218 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 195 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 4,5 მილიონზე მეტი.
| Print |