COVID19
ნეკრესელი მიტროპოლიტი COVID19-ით დაინფიცირდა
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი კორონავირუსული ინფექციით დაინფიცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ეკლესიის კალენდარი ავრცელებს.

ფეისბუქგვერდი მომხმარებელს უძლურებაში მყოფი მღვდელმთავრის ლოცვებში მოხსენებას თხოვს.

,,უფალმა ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უწყალობოს მიტროპოლიტ სერგის" - წერია განცხადებაში.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი) კორონავირუსული ინფექციით ბოჭორიშვილის კლინიკაში იმყოფება. მისი მდგომარეობა მძიმეა.

მეუფეს ცოტა ხნის წინ ოპერაციული ჩარევა დასჭირდა და პოსტოპერაციულ პერიოდში ვირუსით დაინფიცირდა. ამჟამად მიტროპოლიტი რეანიმაციაშია და არის ინტუბირებული.

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 225 მილიონს გადააჭარბა.

შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.6 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 201 მილიონს აჭარბებს.

მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 18.8 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი - 41.8 მილიონი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილზეა ინდოეთი 33.2 მილიონზე მეტი შემთხვევით, შემდეგ მოდის ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მსოფლიო კორონავირუსის დაავადების გავრცელების თვალსაზრისით პლატოზე გავიდა.
| Print |