COVID19
ადიგენიდან ორმა აცრილმა პირმა ლატარია მოიგო
კოვიდვაქცინირებულთა ლატარიის 19 სექტემბრის გათამაშების შედეგად ადიგენიდან ორმა, ახალციხიდან, ახალქალაქიდან და ბორჯომიდან თითო - თითო პირმა 100-100 ლარი მოიგეს.

ხუთი გამარჯვებულიდან სინოფარმის ვაქცინით სამი, დანარჩენი ორი კი ფაიზერის ვაქცინით იყო აცრილი.

ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით, აცრილებისთვის დაწყებული გათამაშებები წლის ბოლომდე გაგრძელდება. პირველი გათამაშებიდან 19 სექტემბრის გათამაშების ჩათვლით ქვეყანას 960 გამარჯვებული ჰყავს და მათი ჯამურად მოგებული თანხა 120 400 ლარს შეადგენს.

ლატარიის პირობების მიხედვით, გამარჯვებული შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდება. ჯამური საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარია. გამარჯვებულებს პროგრამა ავტომატურად, ერთიანი ბაზიდან, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოავლენს.

ყოველდღიური გათამაშების გარდა, იქნება ყოველკვირეული და შემაჯამებელი გათამაშებები.

ყოველდღიური გათამაშებისას გამარჯვებულ პირს მაქსიმუმი 500 ლარამდე თანხის მოგება შეუძლია. ყოველკვირეულის შემთხვევაში კი 1 000-დან 10 000 ლარამდე თანხა. შემაჯამებელი გათამაშება 31 დეკემბერს გაიმართება და მისი საპრიზო თანხა 100 000 ლარია.

ლატარიაში გამარჯვებულ მოქალაქეებს ტელეფონით დაუკავშირდებიან, გარდა ამისა, მოგების შესახებ მოქალაქეებს ინფორმაციის მიღება შეეძლებათ ვებგვერდიდან www.stopcov.lotto.ge ლატარიისთვის თანხა ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

ლატარიაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ერთჯერადად მაინც არის აცრილი.
| Print |