არჩევნები
რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაქცინებთან დაკავშირებული უთანასწორობა, ვირუსს გავრცელების და სახიფათო ვარიანტებად გადაქცევის მეტი შესაძლებლობა ექნება - ჯანმო
მსოფლიოში ვაქცინების 6 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული და მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის მესამედი სრულად არის აცრილი კოვიდ 19-ის წინააღმდეგ, მაგრამ, ეს რიცხვები შემზარავ უთანასწორობას ნიღბავს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

მისივე თქმით, გამოყენებული ვაქცინების 75% -ზე მეტი მაღალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებზე მოდის. აფრიკაში, ადამიანების მხოლოდ 4% არის სრულად აცრილი.

მისი თქმით, ჯანმო-ს მიზანია, მიმდინარე წლის ბოლომდე ყველა ქვეყნაში მოსახლეობის 40% აიცრას, ხოლო მომავალი წლის შუა პერიოდამდე ეს მაჩვენებელი 70%-მდე გაიზარდოს.

„რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაქცინებთან დაკავშირებული უთანასწორობა, მით უფრო დიდხანს გაგრძელდება სოციალური და ეკონომიკური არეულობა და ვირუსს გავრცელებისა და უფრო სახიფათო ვარიანტებად გადაქცევის მეტი შესაძლებლობა ექნება,“- აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

რაც შეეხება საქართლოში 1-ლი ოქტომბრის კოვიდსტატისტიკას, ასე გამოიყურება:

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 42 657 კვლევა ტესტით, მათ შორის 28 199 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 458 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 751 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 614 763-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.1%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.80% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.22%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 633 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 586 704.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 976 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 751 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 559 შემთხვევა, აჭარა - 121, იმერეთი - 311, ქვემო ქართლი - 97, შიდა ქართლი - 93, გურია - 33, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 183, კახეთი - 269, მცხეთა-მთიანეთი - 39, სამცხე-ჯავახეთი - 33, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 13.
| Print |