COVID19
კორონავირუსის გამო ასპინძაში ორი ბაღი დაიხურა
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევის დადასტურების გამო ასპინძაში ორი საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა.

როგორც ასპინძის გამარჯვებული მერობის კანდიდატი მეცხრე არხთან აცხადებს, ინფიცირების ერთი შემთხვევის გამოვლენის დროსაც კი ბაღები დროებით იხურება.

„არსებული მძიმე პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, უკვე მეორე წელია, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით მუშაობენ ბაღები. ერთ-ერთი ასეთი რეკომენდაცია ითვალისწინებს დაწესებულებაში COVID 19-ით ინფიცირების ერთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაშიც კი, საბავშვო ბაღის დახურვას საკარანტინე ვადით, კონტაქტში მყოფი პირები კი გადადიან იზოლაციაში. ბოლო მონაცემით, ამ მიზეზით ასპინძაში დაიხურა ორი საბავშვო ბაღი, ხოლო სოფლების: რუსთავისა და ტოლოშის ბაღები  ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას“, – აღნიშნავს როსტომ მაგრაქველიძე. 


როსტომ მაგრაქველიძე აცხადებს, რომ ბაღები მხოლოდ ეპიდვითარების დასტაბილურების შემდეგ გაიხსნება. მიუხედავად იმისა, რომ მედდას ბავშვებთან შეხება არ ჰქონია, 4 ოქტომბერს მას ბაგა-ბაღის სხვა თანამშრომლებთან ჰქონდა კონტაქტი. 

,,პრაქტიკულად შეხება ბევრ ადამიანთან არ ჰქონია, არც მისი მხრიდან მომხდარა ვირუსის გავრცელება, პრევენციის მიზნით, გადავწყვიტეთ ბაღების დახურვა. ბაღებში 400-მდე ბავშვია და ამ გადაწყვეტილებას მშობლებიც დაეთანხმნენ".

ბოლო ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო საქართველოში 30-მდე საბავშვო ბაღია დახურული.
| Print |