COVID19
კორონავირუსი უფრო მართვადი ვირუსი გახდება - „ბიონტექის“ დამფუძნებელი
„ფაიზერის“ პარტნიორი გერმანული კომპანია „ბიონტექის“ თანადამფუძნებელი იოზლემ თიურეჯი აცხადებს, რომ რთულია იმის თქმა, როდის დასრულდება პანდემია, თუმცა კორონავირუსი უფრო მართვადი ვირუსი გახდება.

„ყოველდღიურად ვსწავლობთ რაღაც ახალს, იმის შესახებ, თუ როგორ რეაგირებს ის ვაქცინაზე. ჩვენ გვჭირდება ეს ცოდნა, რათა ვიმსჯელოთ, როდის დასრულდება პანდემია. მაგრამ რაც უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ თანდათან „ახალი ნორმალურობა“ მკვიდრდება. ამას უკვე ვგრძნობთ. ჩვენ ვსწავლობთ როგორ გავუმკლავდეთ ვირუსს. ბევრი ჩვენგანი უკვე ვაქცინირებულია და თავისუფლების ახალ ხარისხს იძენს,“ - აღნიშნა მეცნიერმა.

მისი თქმით, წლების განმავლობაში ვირუსი შეიძენს გრიპის ვირუსის სტატუსს, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინაციას მოსახლეობის გარკვეული ჯგუფები ყოველწლიურად ან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იტარებენ.

„რა თქმა უნდა, ვირუსთან გამკლავება კიდევ რამდენიმე წელს მოგვიწევს. ასევე გვექნება პასუხები კითხვებზე, რომლებიც ამჟამად დაუზუსტებელია. მომავალი გვიჩვენებს, გაჩნდება თუ არა სხვა ვარიანტები, რომლებიც იმუნურია ამჟამინდელი ვაქცინების მიმართ. წლების განმავლობაში ვირუსი გრიპის ვირუსის სტატუსს შეიძენს, რისთვისაც მოსახლეობის ზოგიერთი ჯგუფი ყოველწლიურად ან ორ წელიწადში ერთხელ აცრას იტარებს. კორონავირუსი უფრო მართვადი ვირუსი გახდება,“- აღნიშნა იოზლემ თიურეჯმა.
| Print |