COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 340 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 340 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 62 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 3 631 პირი.

გუშინ საქართველოში 55 301 ტესტი ჩატარდა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 743 511-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.66%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.45% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.99%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 631 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 681 919.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 62 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 300 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 340 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 956 შემთხვევა, აჭარა - 217, იმერეთი - 1 059, ქვემო ქართლი - 413, შიდა ქართლი - 446, გურია - 130, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 328, კახეთი - 492, მცხეთა-მთიანეთი - 109, სამცხე-ჯავახეთი - 119, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -71.

ინფიცირების ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ზრდის ფონზე მეორე თვეა მკვეთრად შემცირებულია ვაქცინაციის მაჩვენებელი.

ოქტომბერში, ყოველდღიურად აცრილთა რაოდენობა მხოლოდ ორჯერ იყო ცხრა ათასზე მეტი, სხვა დღეებში კი საშუალოდ ხუთი ათასს აღწევდა.

ნოემბრის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი ოთხი ათასამდეა, მაშინ, როცა ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აუცილებლად მიიჩნევდნენ დღეში სულ მცირე 30 ათასი აცრის გაკეთებას.
| Print |