დეკემბერი-იანვარი კრიტიკული იქნება - ივანე ჩხაიძე
დეკემბერი-იანვარი კრიტიკული იქნება, პანდემიის მიმდინარეობისას ყველაზე მძიმე ორი თვე იქნება, რაც შეიძლება საქართველოს ჰქონდეს - პარადოქსული სიტუაციაა, ინფიცირებულთა მატებას, ჩვენ ვაქცინირებული ადამიანების კლებით ვპასუხობთ, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
ჩხაიძის განმარტებით ეპიდემიოლოგიური ვითარება მძიმე რჩება. ინფიცირების შემთხვევების შემცირების დამაიმედებელი ტენდენცია არ ჩანს. რაც შეეხება გრიპის ვირუსს, როგორც ის აღნიშნავს, სეზონური ინფექციების მატება ნოემბრიდან დაიწყება და პიკს დეკემბერ-იანვარში მიაღწევს.
„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბოლო ათწლეულების სტატისტიკის მიხედვით, ახლა ჩვენ იმ პერიოდში ვართ, როდესაც ქვეყანაში ამინდის ცვლილებების გამო, სხვადასხვა რესპირაციული ვირუსული ინფექციების შემთხვევები მოიმატებს. სეზონური ინფექციების მატება ნოემბრიდან დაიწყება და პიკს დეკემბერ-იანვარში მიაღწევს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დეკემბერ-იანვარში კორონავირუსთან ერთად სხვა ტიპის ვირუსები გვექნება, მათ შორის გრიპი. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გრიპის ვირუსის მატება გამოიწვევს არამხოლოდ ეპიდვითარების გაუარესებას, არამედ ეს ცუდი იქნება კონკრეტული ადამიანებისთვის. ორი ვირუსით ერთდროულად ინფიცირებისას საავადმყოფოში მოხვედრის, მძიმე მდგომარეობის და გარდაცვალების რისკი მატულობს.
გრიპი არ გახლავთ მსუბუქი დაავადება. როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში, გრიპით ინფიცირებული პაციენტების გარკვეულ ნაწილს სტაციონარიზაცია სჭირდება. შესაბამისად, თუ დღეს საწოლების რაოდენობა მიმართულია კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის, გრიპის დაწყების შემდეგ საწოლების მცირე რაოდენობა დასჭირდება გრიპით ინფიცირებულ პაციენტებს. ჩვენ ვამბობთ, რომ დეკემბერი-იანვარი იქნება კრიტიკული, მთელი პანდემიის მიმდინარეობისას ის იქნება ყველაზე მძიმე ორი თვე, რაც შეიძლება ჰქონდეს საქართველოს. ქვეყანაში პარადოქსული სიტუაციაა. ინფიცირებულთა მატებას, ჩვენ ვპასუხობთ ვაქცინირებული ადამიანების კლებით“, - აღნიშნავს ჩხაიძე.
ივანე ჩხაიძე ასევე განმარტავს, რომ „მომდევნო 4-5 კვირა ყველაზე მძიმე იქნება, მაშინაც კი, თუ კორონავირუსის ვაქცინის დაუყოვნებლივ გაკეთებას გადავწყვეტთ“.
„ერთადერთი გამოსავალია გრიპის და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. თუ გრიპის ვაქცინა შედეგს მოგვცემს ვაქცინიდან 2 კვირის შემდეგ, კორონავირუსის შემთხვევაში ეს პერიოდი გაცილებით ხანგრძლივია. ყველაზე ხანმოკლე ინტერვალი პირველ და მეორე დოზას შორის კორონავირუსის იმ ვაქცინას აქვს, რომელიც „სინოვაკის“ სახელით არის ცნობილი, საბოლოოდ 2 კვირა სჭირდება იმუნიტეტის გამომუშავებას იდეალურ შემთხვევაში. თუ დღეს ვინმე გაიკეთებს კორონავირუსის ვაქცინას, მინიმუმ 4 კვირა სჭირდება მას, სანამ ექნება საკმარისი დამცველობითი ძალა ვირუსის წინააღმდეგ“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყანაში გრიპის ვირუსის შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.