COVID19
,,ხალხის მკვლელ" ომიკრონს, პირველ დღეებში, სწრაფი ტესტი ვერ აფიქსირებს - ახალი კვლევა
ომიკრონის შემთხვევაში, სწრაფი ტესტი, რომლის ჩხირითაც სინჯს ცხვირიდან იღებენ, ვირუსის დაწყებიდან პირველ დღეებში სანდრო არ არის, ამის შესახებ კვლევის წინასწარმა შედეგებმა აჩვენა.

ექიმი მაიკლ მინა ,,როიტერთან" განმარტავს, რომ ინფიცირებული, შესაძლოა, უკვე ავრცელებდეს ომიკრონს, როდესაც ვირუსი ყელსა და ნერწყვშია, თუმცა ამ პერიოდში კორონავირუსი ჯერ კიდევ არ იყოს ცხვირში, ამიტომ სწრაფი ტესტის ჩხირი ვირუსს ვერ აფიქსირებს.

კვლევაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ medRxiv-ზე გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ PCR ტესტმა ვირუსი 3 დღით ადრე აჩვენა, სწრაფმა ტესტებმა კი - მოგვიანებით.

მაიკლ მინას განმარტებით, სწრაფი ტესტის ნეგატიურ პასუხს, უმეტესად, არ უნდა ვენდოთ, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ის დადებით შედეგს აჩვენებს, სანდოა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი კი აცხადებს, რომ ომიკრონი ხალხს კლავს და ამიტომ მას არ შეიძლება "მსუბუქი" ეწოდოს. ახალი ვარიანტი ევროპის კონტინენტზე სწრაფად ვრცელდება.

ათობით ქვეყანაში, ყოველდღიურად რეკორდული რიცხვები ფიქსირდება. მთავრობებისთვის ვაქცინაციის აქტიური კამპანია ჯანდაცვის სერვისებზე ზეწოლის შესამსუბუქებლად მთავარ პრიორიტეტად იქცა.

იტალიის მსგავსად, სადაც 50 წელს გადაცილებულთათვის აცრა სავალდებულო გახდა, საბერძნეთიც იმავეს გეგმავს 60 წელს გადაცილებული მოსახლეობისთვის..

ლონდონის საავადმყოფოებში, პერსონალის დეფიციტის გამო, სამხედროების, მათ შორის არმიის ექიმების, განთავსება დაიწყეს.

ბრაზილიამ "ფაიზერისგან" პედიატრიული ვაქცინები შეიძინა. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, თვის ბოლოსთვის, 5 წლიდან ბავშვების ნებაყოფლობით ვაქცინაციას იწყებს.

ავსტრალიაში კი ინფიცირების მატების ფონზე, ნიუ-საუთ-უელსის შტატში მალე ვაქცინის მე-3 დოზა წინა ხაზზე მომუშავეთათვის სავალდებულო გახდება.
| Print |