როდის უნდა გაკეთდეს PCR და როდის სწრაფი ტესტი? - CNN
PCR ტესტს ხშირად ოქროს სტანდარტს უწოდებენ. მას კორონავირუსის გადატანილ პირებს სამსახურში დაბრუნების წინ უტარებენ. ასევე, საზღვარგარეთ მოგზაურობის წინ, რათა იზოლაციაში არ აღმოჩნდნენ. მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ PCR ტესტები ყველა სიტუაციაში მიზანშეწონილი არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
PCR ტესტი არის პოლიმერაზული რეაქცია უკუტრანსპკრიფციით, მას შეუძლია ორგანიზმში კორონავირუსის მცირე ოდენობის გენეტიკური მასალის აღმოჩენა. ტესტი ახდენს ამპლიფიკაციას, ანუ გენეტიკური მასალის ასლებს ქმნის, თუ ის ადამიანის ორგანიზმიდან აღებულ სინჯში არსებობს.
ეს ტესტები COVID 19-ის ტესტირების დროს ძალზე მგრძნობიარეა. ერთის მხრივ, ეს კარგია, რადგანაც ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ კორონავირუსის აღმოჩენა მალევე არის შესაძლებელი, ხოლო მეორეს მხრივ, PCR ტესტის შედეგები შეიძლება მაშინაც იყოს დადებითი, როდესაც თქვენ უკვე ინფიცირებული აღარ ხართ.
„PCR ტესტმა შეიძლება დადებითი შედეგები აჩვენოს გამოჯანმრთელებიდან 3-4 კვირის შემდეგაც. ის წინა ინფექციას აფიქსირებს, რადგანაც ვირუსის მცირე ფრაგმენტები ორგანიზმში ჯერ კიდევ რჩება“ ,- ამბობს CNN-ის სამედიცინო ანალიტიკოსი ლეანა ვენი.
მისი თქმით, გამოჯანმრთელებიდან 7-10 დღის შემდეგ ამ ტესტის გაკეთება მიზანშეწონილი არ არის.
როდის ღირს PCR ტესტის გაკეთება
„PCR ტესტის გასაკეთებლად საუკეთესო პერიოდია, როდესაც ინფიცირებულთან სავარაუდო კონტაქტი გქონდათ, გაქვთ კოვიდის სიმპტომები და გსურთ გაარკვიოთ, გაქვთ თუ არა კორონავირუსის ინფექცია“ - ამბობს პროფესორი ალბერტ რაჯი.
„ეს საშუალებას მოგცემთ საკუთარი კოვიდსტატუსი დაადგინოთ და იცოდეთ, ხართ თუ არა საშიში სხვა ადამიანებისთვის. ასევე, დროულად მიიღოთ, თუ ეს აუცილებელია, სათანადო სამედიცინო დახმარება“, - ამბობს მიჩიგანის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი ემილი სომერსი.
ექსპერტების განცხადებით, ადამიანის ორგანიზმი ყველაზე გადამდებია სიმპტომებიდან ორი დღით ადრე და ამ სიმპტომების გაჩენიდან ორი დღის შემდეგ, სწორედ ამიტომ არის აუცილებელია ტესტის მეშვეობით ვირუსის აღმოჩენა. PCR ტესტის მეშვეობით ამ ვირუსის აღმოჩენა ბევრად მარტივია, ვიდრე სწრაფი, ანუ ანტიგენ ტესტის მეშვეობით, რომელსაც კორონავირუსის აღმოჩენა სპაიკ-ცილაში შეუძლია.
აშშ-ის სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურმა PCR ტესტების და სწრაფი ტესტების ჩატარების ნებართვა სპეციალურ ლაბორატორიებში, ასევე, სამედიცინო დახმარების მობილურ პუნქტებში გასცა.
როდის სჯობს ანტიგენის (სწრაფი) ტესტის გაკეთება
სწრაფი ტესტის, ანუ ანტიგენ ტესტის გაკეთება უმჯობესია გამოჯანმრთელების შემდეგ, რომ თქვენ დაადგინოთ, რომ სხვისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენთ.
CDC-ის მიერ გავრცელებული წესის მიხედვით, ექსპრეს ტესტის გაკეთება იზოლაციის 5-დღიანი პერიოდის ბოლოსთვის უმჯობესია. დადებითი შედეგის შემთხვევაში, იზოლაცია სიმპტომების გამოვლენიდან 10 დღის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში იზოლაცია შეიძლება შეჩერდეს, მაგრამ პაციენტმა პირბადე უნდა ატაროს.
„მიუხედავად იმისა, რომ ექსპრეს ტესტებს უფრო დაბალი მგრძნობიარობა აქვს, ის ორგანიზმში ვირუსის უფრო დიდ შემცველობას აფიქსირებს, ანუ სწორედ იმის დადგენა შეუძლია, არის თუ არა ადამიანი გადამდები“, - ამბობენ ექსპერტები.
„დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ კორონავირუსის ინფიცირებიდან 5 დღის შემდეგ პაციენტების 31% კიდევ სხვებისთვის ჯერ საფრთხეს წარმოადგენდნენ, მე-8 დღეს ამ მაჩვენებელმა 11% შეადგინა და შემდეგ კლება განაგრძო.
ორი დღის განმავლობაში სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი ძალიან კარგი მაჩვენებელია, რომ თქვენ გადამდები აღარ ხართ“ ,- ამბობს ემილი სომერსი.
ექსპერტები ამბობენ, რომ სამსახურში დასაბრუნებლად კოვიდგადატანილი პაციენტისთვის PCR ტესტის უარყოფითი პასუხის მოთხოვნა არასწორია, რის შედეგად ადამიანები გამოჯანმრთელების შემდეგ სამსახურში ხშირად რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ ბრუნდებიან.
ლეანა ვენის თქმით, ნებისმიერი სხვა ტესტის შემთხვევაშიც ის სწორ დროს და სწორ ადგილას უნდა გამოვიყენო.
„თუ ტესტს არასწორად გამოიყენებთ, შესაბამისად მცდარ პასუხს მიიღებთ. სამსახურში გასვლის წინ უმჯობესია სწრაფი ტესტის შედეგის მიხედვით მოქმედება, ხოლო თუ მან რამდენიმე ჯერზე უარყოფითი პასუხი აჩვენა, მაგრამ ადამიანს სიმპტომები ჯერ კიდევ აქვს, მაშინ საჭიროა ამის PCR ტესტის მეშვეობით გადამოწმება“,- მიაჩნიათ ექსპერტებს.
იგივე ეხება საერთაშორისო მგზავრობის წინ ჩატარებულ ტესტირებასაც. თუ ბოლო 72 საათში PCR ტესტის პასუხს მოითხოვენ, ეს სამი დღეა და ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.
„შესაძლოა, მგზავრობის დღეს სწრაფი ტესტის ჩატარება უკეთესი იყოს, ვიდრე სამი დღით ადრე ჩატარებული PCR ტესტი“, - ამბობს სომერსი.