COVID19
ერთ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსი 21 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) მონაცემებით, ერთ კვირაში(17-23 იანვარი) მსოფლიოში აღირიცხა COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსით ინფიცირების 21 362 288 შემთხვევა, რაც პანდემიის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წინა ერთ კვირასთან შედარებით, ინფიცირებულთა რაოდენობა 5%-ით გაიზარდა.

ბოლო კვირის განმავლობაში, მსოფლიოში COVID-19-ით გარდაიცვალა 49 890 ადამიანი. წინა 7-დღიან პერიოდთან შედარებით, ლეტალობის მაჩვენებელი 1%-ითაა გაზრდილი.

WHO-ს თანახმად, მსოფლიოს რეგიონების მიხედვით, გარდაცვალების შემთხვევები ყველაზე მეტად, 44%-ით გაიზარდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. 15%-იანი მატება იყო აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში და 5%-იანი ამერიკაში. სხვა რეგიონებში ლეტალობის მაჩვენებელი შემცირდა.

ინფიცირებულთა რაოდენობა ყველაზე მეტად, 31%-ით შემცირდა აფრიკაში და 10%-ით ამერიკაში. მატების მხრივ, პირველ ადგილზე იყო აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი(+39%). ინფიცირების შემთხვევებმა 36%-ით მოიმატა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და 13%-ით ევროპაში.

"ომიკრონი", რომელიც პირველად 2021 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში აღმოაჩინეს აფრიკის სამხრეთში, დღემდე გამოვლენილ ყველა სახეობაზე უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა, შედარებით მსუბუქ დაავადებას იწვევს. ორწლიანი პანდემიის პერიოდში გამოვლენილია დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის, SARS-CoV-2-ის არაერთი სახეობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვარიანტებს ანაწილებს ინტერესის ან შეშფოთების გამომწვევ სახეობებად და მათ ბერძნული ანბანის ასოებით აღნიშნავს. ამ დროისთვის შემაშფოთებელ ვარიანტებად მიჩნეულია: "ალფა", "ბეტა", "გამა", "დელტა" და "ომიკრონი".
| Print |