COVID19
„ბუსტერზე“ რეგისტრაცია იმატებს, "ბუსტერიზაცია" სერიოზულად გვიცავს - გამყრელიძე
მესამე დოზასა და მეორე „ბუსტერზე“ რეგისტრაცია იმატებს, „ბუსტერიზაცია“ სერიოზულად იცავს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, იმუნიზაციის ყოველდღიურმა მაჩვენებელმა ოდნავ მოიმატა.

„თუ დღეში საშუალოდ 300-400 აცრა იყო, ახლა 600-მდე გვქონდა. განსაკუთრებით მესამე დოზასა და მეორე „ბუსტერზე“ იმატებს რეგისტრაცია, განსაკუთრებით 50 წელს ზემოთ მოსახლეობა აქტიურობს, უფრო მიდიან. დღეში 600 აცრა ზღვაში წვეთია, ჩვენ გაცილებით მეტი გვჭირდება. მოზრდილი მოსახლეობის „ბუსტერით“ მოცვის მაჩვენებელი 10%-მდე გვაქვს, ჩვენ გვინდა რომ 30-40% და მეტი იყოს, რათა მშვიდად შევხვდეთ შემოდგომას", - აღნიშნავს გამყრელიძე.

გარდა ამისა, ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, თუ ვინ შეუძლია აიცრას „მეორე ბუსტერ“ დოზით. როგორც ის აღნიშნავს, 18 წელს ზემოთ ადამიანები მაშინ იცრებიან, თუ მათ შესაბამისი სამედიცინო ჩვენება აქვთ. 18 წელს ზემოთ მოქალაქეების თავისუფალ აცრაზე კი მსჯელობა კვლავ მიმდინარეობს.

„50 წელს ზემოთ, სურვილის მიხედვით თითოეულ მოქალაქეს შეუძლია აცრა. რაც შეეხება 18 წელს ზემოთ მოზრდილ მოსახლეობას, იქ დადგენილია, რომ თუ მათ აქვთ მძიმე ქრონიკული დაავადება, რისკ ჯგუფებში თუ შედიან და აქვთ დაავადებები, რომელიც იწვევს იმუნური სისტემის კომპრომეტაციას, მაშინ შესაბამისი ცნობის საფუძველზე იცრებიან. ასევე იცრებიან იმ შემთხვევაში, თუ ისეთ ქვეყანაში მიდიან, სადაც ითხოვენ, რომ გარკვეული დროის შუალედით აცრა ჰქონდეს პირს გაკეთებული“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

interpressnews.ge
| Print |