COVID19
ორ წელში კორონავირუსით რეინფიცირების 138 331 შესაძლო შემთხვევა აღირიცხა
2020 წლის 26 თებერვლიდან 2022 წლის 1-ელ ივლისამდე რეინფიცირების 138 331 შესაძლო შემთხვევა აღირიცხა. ამის შესახებ კოვიდ 19-თან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

მათივე მონაცემების თანახმად, 2021 წლის 15 მარტიდან 2022 წლის 1 ივლისამდე, რეინფიცირებულთა შორის 16 868 შემთხვევაში იყო ჰოსპიტალიზაცია საჭირო და მათგან 102 პირი გარდაიცვალა. აღწერილი შემთხვევებიდან გარდაცვლილთა საშუალო ასაკი იყო 69 წელი, მინიმალური ასაკი - 18 წელი, ხოლო მაქსიმალური - 89.

2022 წლის 1-ელი ივლისის მდგომარეობით, COVID-19-ით გარდაცვლილ პაციენტთა 59%-ს სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა. 

ანგარიშის თანახმად, ყველა ლეტალურ შემთხვევაში დაავადების მიმდინარეობა იყო მძიმე ან კრიტიკული. შემთხვევათა 82%- ში დაავადება გართულებული იყო პნევმონიით. გარდაცვლილთა 79%-ს აღენიშნებოდა სუნთქვის უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი აღენიშნა გარდაცვლილ პაციენტთა 29.1%-ს, ხოლო 21.7%-ში განვითარდა გულის უკმარისობა.
| Print |