რეგიონი
„მიწის ნაკვეთი დავკარგე“ - სადგერში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების განთავსებას აპროტესტებენ


ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერის მოსახლეობა, ელექტროგადამცემი ხაზის „ცემი 1-ის“ რეაბილიტაციას აპროტესტებს.

სადგერში მცხოვრები ნათელა ტაბატაძე ამიერიდან მიწის ნაკვეთს ვეღარ დაამუშავებს. ადგილობრივი ამბობს, რომ ტერიტორიაზე, რომელზეც მოსავალი მოჰყავდა, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემმა ხაზმა გაიარა.

„ისე შემოვიდნენ, არავის არაფერი არ უთხრეს. ამხელა ანძები რომ ააყუდეს, მერე გაიგო სოფელმა. ჩემი ტერიტორია გაფორმებული მაქვს რეესტრში. გამოდის, რომ 35 მეასედი მიწის ნაკვეთი დავკარგე. თვითონვე გვითხრეს, აქ არც დათესვა, არც მშენებლობა არ შეიძლებაო. გამოდის, რომ ეს ყანა უნდა ვაჩუქო. მაშინ თანხა გადაგვიხადონ. მცირემიწიანი სოფელი ვართ, მეტი არაფერი გაგვაჩნია“, - ამბობს ადგილობრივი ნათელა ტაბატაძე. 

ნათელა ტაბატაძის მსგავსად, სადგერის მაცხოვრებლები წუხან, რომ ანძები მათ ნაკვეთებზე გადის და იძულებულნი არიან, სახნავ-სათესი მიწები დაუმუშავებლად დატოვონ. მოსახლეობა ითხოვს ელექტროგადამცემი ხაზი სოფლის გვერდის ავლით დამონტაჟდეს.

„სოფელმა დიდი უკმაყოფილება გამოვთქვით, მაგრამ არავინ არ დაგვიდგა გვერდში“, - ამბობს პავლე გეგეშიძე. 

„თუ ვერ დავთესე ან ვერაფერი დავრგე, აბა როგორ ვიცხოვრო სოფელში?“
- ამბობს ჯემალ შოთაშვილი და კომპანიისგან კომპენსაციას ითხოვს.

სოფლის მოსახლეობამ დახმარებისთვის ენერგოომბუდსმენს 2019 წლის 25 იანვარს მიმართა. სალომე ვარდიაშვილის უწყებამ წერილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას 29 იანვარს გადაუგზავნა. სემეკში ამბობენ, რომ სამუშაო შეხვედრა გაიმართა, შედეგი კომპანიასაც და მოსახლეობასაც წერილობით შეატყობინეს.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ დაევალა, რომ სადაც შესაძლებელია აცილება, აუცილებლად უნდა გამოინახოს სხვა გზები ისე, რომ მოსახლეობის ინტერესები იყოს გათვალისწინებული. სემეკის რეკომენდაცია კომპანიებისთვის სავალდებულოა. იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება მისი შესრულება, კომისიას ექნება რეაგირება და მივმართავთ სანქციებს“, - განუცხადა TV9NEWS.GE-ს სემეკის პრესსამსახურმა ქეთა ბერიკაშვილმა.

ადგილობრივების პროტესტს უერთდება სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი. „მერიაში შემოტანილი იყო განაცხადი, რომ კომპანია 35 000-კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის ანძების რემონტს განახორციელებდა, მაგრამ კომპანიამ ფაქტიურად ახალი ხაზი გაიყვანა და ანძებიც შეცვალა. ეს იმიტომ, რომ 35 000 ნაცვლად 110 000 კილოვოლტმა უნდა გაიაროს. ფაქტიურად, „ენერგო პრომ“ ჩაიდინა დანაშაული - კერძო საკუთრების ხელყოფა. ამაზე პასუხი უნდა მოეთხოვოს“, - ამბობს მამუკა ლურსმანაშვილი.

„ენერგო პრო ჯორჯიაში“ უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ხაზის სიმძლავრე იზრდება. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თქმით, „ცემი 1-ის“ ხაზი ამ ტერიტორიაზე აქამდეც არსებობდა, ახლა კი მხოლოდ რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კომპანია პროტესტის მიუხედავად, სამუშაოების შეჩერებას არ აპირებს.

„მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ადგილობრივების თხოვნა, ზოგიერთ შემთხვევაში ეზოებიდან გამოვიტანეთ ბოძები, ზოგიერთს კი ნაკვეთის შუიდან ბოლოში გადმოვუტანეთ ბოძები. ორი თვის წინ მოსახლეობას შევხვდით და დეტალურად განვუმარტეთ მიმდინარე სამუშაოები“, - ამბობს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ავთანდილ დვალიშვილი „მეცხრე არხთან“.

„ენერგო პრო ჯორჯიამ“ პირველი ეტაპი დაასრულა. მეორე ეტაპი ზაფხულში დაიწყება, როცა სამუშაოებისთვის საჭირო მასალებს მიიღებენ. სემეკი პროცესს დააკვირდება, როგორ შეასრულებს კომპანია ვალდებულებას. მოსახლეობა კი პროტესტის გაგრძელებას აპირებს. ადგილობრივების თქმით, კომპანიის თანამშრომლებს სოფელში არ შეუშვებენ და სამუშაოების გაგრძელების დაშუალებას არ მისცემენ.
| Print |