ხალხის აზრით
საჭიროა თუ არა სკოლებში რელიგიური განათლება?
საერთაშორისო ორგანიზაციების - გაეროს, იუნესკოს, ევროკომისიის, ევროსაბჭოს და ეუთოს რეკომენდაციებით, სასურველია რელიგიური განათლება საჯარო განათლების ნაწილი იყოს. ამგვარი რეკომენდაციები, უმთავრესად, საჯარო სფეროში ადამიანის უფლებების, კერძოდ რელიგიის თავისუფლების დაცვასა და ტოლერანტობის პატივისცემას ემყარება.

მეოცე საუკუნეში, საქართველოს სკოლებში გაჩნდა საგანი - „ქრისტიანული რელიგიის ისტორია“, რომელზეც მოსწავლეებს ძირითადად, ქრისტიანული კონფესიის შესახებ აწვდიდნენ ინფორმაციას. საგანი სასკოლო პროგრამიდან 2005 წელს, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით ამოიღეს.

სკოლებში რელიგიის სწავლების მომხრეა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ილია მეორემ არაერთხელ განაცხადა, რომ „ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ამის შესახებ, სკოლაში უნდა იყოს რელიგიის ისტორია, სულიერების საკითხები“.

ახალციხეში გამოკითხულთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ სკოლებში რელიგიური განათლების საჭიროება არსებობს, თუმცა შესამუშავებელია პროგრამა და სწავლების ფორმები. ადგილობრივების გარკვეულ ნაწილს კი მიაჩნია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ამ საგნის დამატება, სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებთან უხერხულობას შექმნის.

| Print |