ხალხის აზრით
უნდა აიკრძალოს თუ არა აბორტი საქართველოში? (ვიდეო)
ოფიციალური ინფორმაციით, 2018-2019 წლებში საქართველოში 22 763 აბორტი გაკეთდა. აქედან, 2018 წელს აბორტი 86 არასრულწლოვანს გაუკეთდა. 2019 წლის 9 თვეში კი სამედიცინო დაწესებულებებში აბორტის 38 შემთხვევაა რეგისტრირებული. ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის ყველაზე ხშირი შემთხვევა 25-დან 34 წლამდე ასაკის ქალებში ფიქსირდება.

2013 წელს სააღდგომო ეპისტოლეში კათოლიკოს პატრიარქი აბორტის აკრძალვას ითხოვდა.
”უდიდესი დანაშაული, რომელიც თითქმის ყველა ოჯახში ხდება, არის მუცლადღებულ ყრმათა მკვლელობა - აბორტი. აბორტი კი არის, მშობლების გადაწყვეტილებითა და მონდომებით, სრულიად უსუსური, უდანაშაულო არსების საზარელი მკვლელობა“.

ახალციხეში გამოკითხულთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ აბორტი უნდა აიკრძალოს. მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ქვეყნის დემოგრაფიული პრობლემები აბორტის უფლებასთან არის პირდაპირ კავშირში. ქალაქში ძალიან ცოტა ადამიანი მოიძებნება, რომელიც ფიქრობს, რომ ქალებს აბორტზე ხელი მარტივად და ლეგალურად უნდა მიეწვდებოდეთ.

ქალთა უფლებადამცველი საზოგადოებრივი ორგანიზაციები ამბობენ, რომ ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა ქალთა უფლებად უნდა იქცეს.


| Print |