ხალხის აზრით
"მეცენატი და ქველმოქმედი“ - უნდა იყოს თუ არა ამ ფორმით ივანიშვილი ისტორიის წიგნში?
საქართველოს ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ ცალკე ქვეთავია გამოყოფილი, სადაც წერია, რომ „ბიძინა ივანიშვილი ცნობილი მეცენატი და ქველმოქმედია“.

„მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ცნობილი ქველმოქმედი და მეცენატი, ბიძინა ივანიშვილი გახდა. ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, საქართველოს ევროპული კურსი არ შეცვლილა და პირიქით, ინტეგრაცია კიდევ უფრო გაღრმავდა“, - წერია წიგნის 410-ე გვერდზე.

ახალციხეში მოქალაქეებს ვკითხეთ, უნდა ისწავლებოდეს თუ არა მე-9 კლასში ბიძინა ივანიშვილის შესახებ ამ ფორმით.

ამის გარდა, სადავოა სახელმძღვანელოს ნაწილი 2008 წლის ომის შესახებ. აქ ავტორები იმეორებენ რუსულ პროპაგანდისტულ ვერსიას იმის თაობაზე, რომ საომარი ოპერაციები საქართველომ ოსი სეპარატისტების თავდასხმების პასუხად დაიწყო, რუსულმა ჯარმა კი საქართველოს საზღვარი 8-10 აგვისტოს გადმოლახა. ომის დაწყების ამ ვერსიას, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება, რუსეთი ჯერ კიდევ 2008 წლის 8 აგვისტოს ავრცელებდა. რეალურად კი, რუსული ჯარი საქართველოში იყო 7 აგვისტოს, მაშინ, როცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა საომარი მობილიზაცია გამოაცხადა. შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ცხინვალის რეგიონში ჯარების შეყვანა არა ოსი სეპარატისტებისადმი, არამედ რუსული სამხედრო ინტერვენციისადმი პასუხი იყო.

სახელმძღვანელოების ავტორები ბავშვებს ეკითხებიან, დაუშვა თუ არა შეცდომა საქართველოს პრეზიდენტმა, როდესაც ოსური შეიარაღებული ფორმირებების მიერ ქართული სოფლების მიმართულებით სროლას რეგიონში სამხედრო ნაწილების შეყვანით უპასუხა - კითხვა გამორიცხავს რუსული ჯარის არსებობას საქართველოს ტერიტორიაზე ომის დაწყების მომენტისთვის და ასევე იმეორებს საქართველოს მოქმედი ხელისუფლების ნარატივს ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით, რომ ომის დაწყება შეცდომა იყო.
| Print |