ხალხის აზრით
"ლენინმაც თქვა, რომ ოლიგარქია არის ცუდი" - ახალციხელები 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე

ევროკომისიამ საქართველოს ხელისუფლებას 12-პუნქტიანი გეგმა გადასცა, რომელიც უნდა შეასრულონ კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გეგმის პირველი პუნქტი ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრას ეხება, პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება.

მეორე პუნქტი, სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებას, საარჩევნო სისტემის რეფორმასა და ეუთო-ოდირის, ევროპის საბჭოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას ეხება.

შემდეგ პუნქტებში, საუბარია სასამართლო სისტემაზე, ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობაზე, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პირადი მონაცემების დაცვის სამსახურების გაძლიერებაზე. ევროკომისია საქართველოს ასევე მოუწოდებს, რომ ქვეყანამ აიღოს და შეასრულოს "დეოლიგარქიზაციის" ვალდებულება.

მომდევნო პუნქტები ეხება მედიას და იმ სამართლებრივ დავებს, რომლებიც მედია ორგანიზაციების მფლობელებსა და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტების გამოძიებას და სახალხო დამცველის აპარატის მუშაობას უკავშირდება.

ევროკომისია საქართველოსგან ასევე მოითხოვს მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვას, გენდერული თანასწორობის საკითხებსა და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციას და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ყველა დონეზე ჩართვას. ევროკომისია რეკომენდაციის შესრულებას თვალს 2022 წლის განმავლობაში მიადევნებს და წლის ბოლოს მათ შესახებ ხელახალ დასკვნას მოამზადებს.

რას ფიქრობენ ახალციხეში 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე მეცხრე არხმა ადგილობრივები გამოჰკითხა.
| Print |