ხალხის აზრით
როგორ არჩევთ ყალბ და ნამდვილ ამბებს ერთმანეთისგან?

ყოველდღიურად მედიასა თუ ინტერნეტ სივრცეში არაერთი ინფორმაცია ვრცელდება, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება და მიზნად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მათ განწყობებზე მანიპულირებას ისახავს. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ინტერნეტში არაერთხელ შეხვედრიათ ისეთი ინფორმაცია, რომელიც ბოლოს არასწორი აღმოჩენილა.

„მედიის განვითარების ფონდი“ ყოველწლიურად იკვლევს მედიაწიგნიერებისა და დეზინფორმაციის აღქმებს. ბოლო კვლევაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, საქართველოს შვიდი ქალაქი მონაწილეობდა, მათ შორის ახალქალაქი. კითხვაზე, გაგიზიარებიათ თუ არა ყალბი ინფორმაცია განზრახვის გარეშე, 44.3% ამბობს, რომ გაუზიარებია.
ევროპის მედიაწიგნიერების ინდექსში 41 ქვეყანას შორის საქართველო ბოლო ადგილზეა. კავკასიის სხვა ქვეყნები ჩამონათვალში არ ფიგურირებს. სიაში არც რუსეთია. ჩვენი მეზობლებიდან კვლევაში მხოლოდ თურქეთი მოხვდა, რომელიც ხუთი ადგილით უსწრებს საქართველოს და 36-ე ადგილს იკავებს.

ჩვენი ქვეყანა ჩამორჩება ჩრდილოეთ მაკედონიას, კოსოვოს, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და ალბანეთსაც.
| Print |