რეგიონი
როგორ ეხმაურებიან პუტინის დაკავების ორდერს რუსეთსა და დასავლეთში
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვაზე დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ გამოაცხადა. რუსეთი დაუყოვნებლივ გამოეხმაურა სასამართლოს განცხადებას.

„რუსეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის მონაწილე არ არის და არ ეკისრება ვალდებულებები. რუსეთი არ თანამშრომლობს ამ ორგანოსთან და საერთაშორისო სასამართლოსგან მომდინარე დაკავების შესაძლო „რეცეპტები“, ჩვენთვის იურიდიულად ბათილი იქნება“, - თქვა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, რომლის განცხადება ეფუძნება იმას, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არ გააჩნია უფლებამოსილება ეჭვმიტანილი პირები დააკავოს და თავისი იურისდიქციის განხორციელება შეუძლია მხოლოდ იმ ქვეყნების ტერიტორიებზე, რომლებმაც ხელი მოაწერეს სასამართლოსთან ხელშეკრულებას. რუსეთს ხელი არ მოუწერია ასეთ დოკუმენტზე და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას ექსტრადიციას გაუკეთებენ. 

რუსეთის ოპოზიცია მიესალმა გადაწყვეტილებას. საპატიმროში მყოფი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ახლო თანამებრძოლი, ივან ჟდანოვი ტვიტერით წერს, რომ ეს არის „სიმბოლური ნაბიჯი, მაგრამ ასე მნიშვნელოვანი!“

"ვულოცავ ვლადიმირ ვლადიმირის ძეს დაუსწრებლად დაპატიმრებას. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია,“ - დაწერა ტვიტერზე რუსეთის ოპოზიციონერმა კრემლის ოპონენტმა, მიხაილ ხოდორკოვსკიმ, რომელმაც ათი წელი გატარა რუსეთში საპატიმროში. „დაამწყვდიეთ!“ - დაწერა ტვიტერით რუსმა აქტივისტმა ვლადიმირ მილოვმა, საპატიმროში მყოფი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ასევე თანამებრძოლმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება მიესალმა პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემის გამოცხადებას და ტვიტერით დაწერა: ,,მართლმსაჯულება აღესრულება იწყება: მივესალმები ICC-ის გადაწყვეტილებას“.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორი კარიმ ხანი განმარტავს, რომ ვლადიმირ პუტინისა და მატია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერების გაცემაზე წინასასამართლო პალატას 2023 წლის 22 თებერვალს მიმართა.

პროკურორის განცხადებით, მისი ოფისის მიერ ჩატარებული გამოძიებით გამოვლინდა შემთხვევები, რომლებიც მოიცავს მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებიდან და ბავშვზე ზრუნვის სახლებიდან მინიმუმ ასობით ბავშვის დეპორტაციას. ხანი აგრეთვე აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციაში პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით კანონიც კი შეიცვალა, რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების დასაჩქარებლად და ამ ბავშვების რუსეთის ოჯახებში გაშვილების გასაადვილებლად.

„ჩემი ოფისი აცხადებს, რომ ეს ქმედებები, სხვა ყველაფერთან ერთად, აჩვენებს ამ ბავშვების თავიანთი ქვეყნიდან სამუდამოდ გაყვანის განზრახვას. ამ დეპორტაციების დროს, უკრაინელი ბავშვები იყვნენ ჟენევის მეოთხე კონვენციით [ომის პირობებში სამოქალაქო პირების დაცვის შესახებ - რთ] დაცული პირები. ჩვენს განაცხადში ხაზი გავუსვით იმასაც, რომ დეპორტაციების უდიდესი ნაწილი ჩადენილია რუსეთის სამხედრო ძალების მიერ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ აგრესიის აქტების კონტექსტში, რომლებიც 2014 წელს დაიწყო“.
| Print |